რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო 90-იანი წლების სამოქალაქო ომის ჭაობში გადააგდეს!

   ფიქრები ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის“ ფონზე

მას შემდეგ, რაც უკრაინის ახალგამომცხვარმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო მაწანწალა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა ისე, რომ არცერთ თანამდებობაზე არ გაუმწესებია, ამ მართლაცდა უკანასკნელმა მოტვინა, რომ უკრაინაში იგი მხოლოდ და მხოლოდ ტრანზიტული მგზავრია და კიევში არანაირი მომავალი არ ეჭყანება, საქართველოში ექსტრადიციის გარდა. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ოდესის შადრევნებში განბანილმა მიხეილ გიულის ძემ, თავად დაბრუნდეს საქართველოს ხელისუფლებაში და არა ქართულ ციხეში, რომლის საგზურიც მას ქართული მართლმსაჯულების მამებმა რატომღაც მხოლოდ ქაშმირის პალტოების მოხმარებისთვის გამოუწერეს. სააკაშვილმა ის 2-საფეხურიანი გეგმაც ჩინებულად გაიაზრა, თუ რა არის საჭირო ხელისუფლების უმაღლეს პიედესტალზე კანონიერი გზით ასაცოცებლად: 1. მორიგი ნაცადიფერადი რევოლუცია“; 2. საპარლამენტო არჩევნებში ძირგამომპალი ნაცმოძრაობის დამაჯერებელი გამარჯვება.

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ 7-წლიანი მმართველობის პერიოდში ნაცანალები ყველა არჩევნებში დამარცხდნენ, სააკაშვილს ერთადერთი გზა რჩებოდა — მოქმედი ხელისუფლების პროვოცირება სისხლის დასაღვრელად, რაც საგრძნობლად დასცემდა მეოცნებეთა რეიტინგს ამომრჩევლის თვალში. აკი, სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმაც მხოლოდ 17 თვე გაძლო პარლამენტის შენობასთან 2011 წლის 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული მიტინგის სისხლიანი დარბევის შემდეგ და ასევე 17 თვე გახდა საჭირო, რათა 1989 წლის 9 აპრილს იმავე მთავრობის სასახლესთან ზვიად გამსახურდიას მომიტინგეთა ასევე სისხლიანი დარბევის კვალდაკვალ კომუნისტურ რეჟიმს დაელია ჩაილურის წყალი. ჩაი ვახსენეთ და შევარდნაძის ჩაიდალეული სააკაშვილის წისქვილზე სიმბოლურად ისიც ასხამდა წყალს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქუთაისიდან თბილისში დააბრუნა პარლამენტის მრავალსისხლნადენი შენობა, რომლის წინაც არაერთი ხელისუფლება დაუმხიათ. ამიტომაც დირიჟორობდა 2019 წლის 21 ივნისის ღამეს უკრაინაში შეყუჟული სააკაშვილიმეორე ფერად რევოლუციას“, მაგრამ თავისი არსით ეს არ ყოფილა 2003 წლის 23 ნოემბრისვარდების ამბოხი“, როცა ედუარდ შევარდნაძემ მშვიდობიანად გადააბარა ტახტი არა ქოჩაკიძე-სლოვინსკი-ჩიკვაიძის სამხატვრო „სამეულს“ ან მომღერლების სეფერთელაძე-თავართქილაძე-აბესაძის „ტრიოს“, არამედ ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილისტროიკას“. ეს გახლდათ სისხლიანი „კიევური მაიდნის“ შორსგამიზნული თბილისური ანალოგი, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, ასევე სააკაშვილის დანატოვარი სპეციარაღი ჩაერთო მოქმედებაში.

თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაანონსებული გეი-პრაიდის ფონზე სისხლიან ანგარიშსწორებაზე წამოაგებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილისელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საყოველთაო პროტესტის კვალდაკვალ ლგბტ სექტის ღონისძიება ალაგმა, სააკაშვილმა ახალი სატყუარა შემოაგდო — რუსეთის გოსდუმის დეპუტატის გავრილოვის პერსონა! არადა, სავსებით საკმარისი იქნებოდა, პარლამენტის სამანდატო სამსახურის თუნდაც დელიკატური მითითება, რომ პარლამენტის სპიკერის ოკუპირებული სავარძელი უმტკივნეულოდ გათავისუფლებულიყო როგორც გავრილოვის, ასევე სუსტი სქესის რამდენიმე ისტერიულად მომწივანი „მენშევიკისაგან“ და არ აგორებულიყო ის ყოვლად სამარცხვინო შოუ, რომელსაც მმართველი პარტია წამოეგო. არადა, იმავე პარლამენტის ბოლშევიკური განაყოფი კოსმიური სიჩქარით შეიყუჟა ბუჩქებში და მხოლოდპატრიოტთა ალიანსისორმა დეპუტატმა ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა სცადეს საყოველთაო სკანდალის თავიდან აცილება, სამწუხაროდ, უშედეგოდ.

რაც შეეხება უმაღლეს პოლიტხელმძღვანელობას — პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძეს (ბაქოდან), პრეზიდენტ ზურაბიშვილს (მინსკიდან), პრემიერ ბახტაძეს (თბილისიდან) და თვით ბიძინა ივანიშვილს, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ფრიად მტკივნეული იყო ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ხილვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. არადა, სამართლიანი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ეს გავრილოვი საქართველოში ოფიციალურად იქნა მოპატიჟებული და ამ სავარძელშიც ოფიციალურად ჩაასკუპეს. ვაგლახ, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც საბოლოოდ დააკომპლექსა ნაციონალების ოპოზიციურმა ფრთამ კრემლთან ფარული ალიანსის ბრალდებით, ვერა და ვერ გაბედა პარლამენტის შენობაშივე აელაგმა სააკაშვილის რამდენიმე პროვოკატორის მიზანმიმართული პარპაში და არ მიეცა საშუალება მეამბოხეთათვის, რუსთაველის გამზირის საბედისწერო არენაზე გადაეტანა დესტრუქციულ მოქმედებათა კასკადი.

და აი, მოსახდენიც მოხდა: პროვოკატორთა ქმედება უმალ გასცდა მანიფესტაციათა შესახებ კანონის ფარგლებს, როგორც კი სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ ზომბირებულმა ახალგაზრდობამ გადაწყვიტა, ფიზიკურად გასწორებოდა პოლიციელებს. არადა, იმ წუთებშიც არ იყო გვიან, ხელისუფლებას ხელის აუკანკალებლად დაეტუსაღებინა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის თავკაცები და 2008 წლის აგვისტოს ომის ავადსახსენებელი ფიგურანტები ბარამიძე, უგულავა, ვაშაძე და ძმანი მათნი, გამოერთორუსთავი-2“-ის ძირგამომთხრელი პროპაგანდისტული რუპორი (სხვათაშორის, უმაღლესი სასამართლოს არსებული განჩინებით).

ყოველივე ამის ნაცვლად, ხელისუფლება მტრისა და ოკუპანტოს ძახილით მისდგა რუსეთს, აქაოდა, თბილისურ ამბებში შენი ხელი ურევიაო და ამ ნაცადი ხერხით სცადა „პრორუსული დამღის“ მოცილება. ერთი კი გამორჩათ ხელისუფალთ: ოპოზიციისათვის ძალაუფლების გადაცემის იძულებითი პროცესი ისევ და ისევ 17 თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებით დასრულდება და, სააკაშვილის მითითებისამებრ, პროპორციული სისტემით ჩატარდება. ასე რომ, ნაცების მიერ გაწერილი გეგმა არ ამოიწურება ოდენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ნებაყოფლობითი თუ იძულებითი გაპანღურებით და სერიოზული საფრთხე დაემუქრებათ როგორც ძალოვან მინისტრებს, ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ისიც არ არის რეალობას მოკლებული, რომ მომავალ არჩევნებამდე ან მის შემდეგ გარდაუვალი გახდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადადგომაც, ხოლო ახალი პრეზიდენტი აუცილებლად დაუბრუნებს გაუკრაინელებულ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას და მოლაქლაქეობას! უფრო მეტიც, ახალ პარლამენტში აღარ იარსებებს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობის შემადგენლობა კოალიციური იქნება.

ასე და ამრიგად: უკანასკნელი მოვლენების შედეგად საქართველო გადაგდებულ იქნა 90-იანი წლების ჭაობში, როცა რუსეთსბლოკადაგამოვუცხადეთ და იქიდან გამოგზავნილი ხორბლით დატვირთული ეშელონი რელსებს მივადუღეთ! არადა, 2012 წლიდან გაუმჯობესებული ეკონომიკური კავშირების პოლიტიკურ რეალიებამდე აყვანას სულ რამდენიმე ნაბიჯიღა აკლდა. სამწუხაროდ, რუსეთის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის 287- ბრძანებულებით, რუს ტურისტებს და, შესაბამისად, მათი ჯიბიდან მომდინარე კოლოსალურ თანხასაც დაეკეტა საქართველოს კარი. მოკლედ, სააკაშვილის ნოტებზე მომღერალმა ვაი-ქართველებმა ყბადაღებული „ონიშჩენკოს სანქციებზე“ გაცილებით მტკივნეული დარტყმა მიაყენეს საკუთარ ქვეყანას და ამას სულ მალე იგრძნობენ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც სასტუმროების, კაფე-ბარებისა თუ მაღაზიების გასახსნელად ბანკებიდან სოლიდური კრედიტები აიღეს.

ვლადიმერ პუტინის იმავე ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს აეკრძალათ საქართველოსთან მიმოსვლა, რითაც სერიოზული დარტყმა მიადგა ჯერ კიდევ 2013 წელს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეცადინეობით მიღწეულ სატრანსპორტო კავშირების აღდგენასა და გაფართოებას რუსეთის ფედერაციასთან. არც ისაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში შეიზღუდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში და ფულადი გადმორიცხვები, რითაც ჩრდილოეთში გადახვეწილი უამრავი ჩვენი თანამემამულე ოჯახებს არჩენს.

გაუთვალისწინებელი ეკონომიკური და პოლიტიკური ბატალიების კვალდაკვალ საქართველოს ხაზინა დაკარგავს მილიარდობით დოლარს, რასაც უცილობლად მოჰყვება ინფლაციის მორიგი ტალღა, ნაციონალური ვალუტის გაუფასურება და სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი, ეს კი უზომოდ გაახარებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, რომელიც აშკარად უკმაყოფილოა საქართველოს ეკონომიკური კავშირებით რუსეთთან. და არამარტო პომპეო — ჯო ბაიდენის ცენტრის უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა, რომელიც თბილისში 21 ივნისის ღამემდე სამი დღით ადრე სააკაშვილის დედის — გიული ალასანიას მოწვევით ჩამოვიდა, პირდაპირ დაგმო რუსი ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში, აქაოდა, ერთ მშვენიერ დღეს, როცა გაიღვიძებთ, თქვენი ტერიტორიის არა 20, არამედ უკვე 100 პროცენტი იქნება ოკუპირებულიო! რამდენად გამკაცრდება ისედაც გამკაცრებული სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ჯერჯერობით უცნობია.

და რაც ყველაზე საგანგაშოა — შიმშილი და სიცივე არ მოიტანს იმდენ ზიანს, რამდენსაც შესაძლო სამოქალაქო ომი, ვინაიდან უამრავ ქართველს უმალ სიკვდილი ურჩევნია, ვიდრე პირსისხლიანი სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება!

ამასთანავე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26- სესიის ჩაშლით, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა, ნაცავანტიურისტთა ხროვამ არნახული ზიანი მიაყენა საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების კეთილმეგობრულ ურთიერთობას. რაც მთავარია, ლიბერასტებმა უკმეხად შეუღრინეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა უკრაინის ცრუ-ეკლესიისათვის გამოწერილ ტომოსს და რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სამარცხვინო ამბოხის წინა დღეს მას მაჯლაჯუნაც კი უწოდეს.

ზიანი მიადგა საქართველოს საერთაშორისო იმიჯსაც, რომელიც აღარ ჯდება დემოკრატიის იმ სტანდარტებში, ნატოსა და ევროკავშირის წევრობისათვის რომ არის საჭირო. ისიც საკითხავია, რამდენად დავცილდით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივას, რადგან აფხაზებსაც და ოსებსაც ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთებისაკენ ვუბიძგეთ — ქართველები თბილისის ცენტრში ვერ რიგდებიან ერთმანეთთან და ჩვენთან როგორღა აპირებენ ურთიერთობას, უფრო მეტიც — რა კარგია, რომ დროზე ჩამოვშორდითო!

P.S.

აღნიშნულ პუბლიკაციაში არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ ვისი გარანტიით ან ზურგით ესტუმრა თბილისს რუსული დელეგაცია ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით. როგორ შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ის უბრალოდ ენდო თავისი თანამშრომლის მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის კულტურის კომისიის თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის სიტყვებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ყველაზე არაპოპულარული დეპუტატი და კარიკატურული პერსონაა? იქნებ გავრილოვი თბილისში თავისი ძველი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას გარანტიებით ჩამოვიდა ან სულაც მეგობარ-პარლამენტარ გიგი წერეთლის ზურგით? კი მაგრამ, ნუთუ დღეს კვლავ ალასანია და წერეთელი არიან მასპინძლები, რომ აქ სტუმრები მოიპატიჟონ?

ისიც საკითხავია, რატომ არ დატოვეს ამხანაგმა გავრილოვმა და მისმა დელეგაციამ თბილისში გახსნილი სკანდალური 26- სესია პირველსავე დღეს, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ ბაქოში წასვლამდე (სადაც 1918 წელს 26 ბაქოელი კომისარი დაატუსაღეს) რუსეთი აგრესორად და ოკუპანტად მოიხსენია? საინტერესოა ისიც, რატომ შედიოდა დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის გოსდუმის დეპუტატი, რუსეთისუკვდავთა პოლკისყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი ზემცოვი, რომელიც ამ თანამდებობიდან ასტრონომიული მასშტაბების კორუფციისა და, მათ შორის, საქართველოდან ე.წ. „ატკატების“ მიღების გამო გამოაპანღურეს?

დიახ, ეს სწორედ ის ზემცოვია, რომელმაც შარშან უკვე სცადა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაცია ჩვენს ქვეყანაში ვითომდა არსებული „უკვდავთა პოლკის“ მსვლელობის მოწყობით?!

ბოლოთქმა ევროქართველთათვის, რომლებსაც ვაჟა-ფშაველასსტუმარ-მასპინძელიარ წაუკითხავთ:

აფხაზეთი მზადაა, მიიღოს ყველა ტურისტი, რომელმაც უარი თქვა საქართველოში დასვენებაზე უკანასკნელ პერიოდში იქ განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენთან თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხია. გელით!“ — განაცხადა თვითგამოცხადებული აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა, რომელსაც „სტუმარ-მასპინძელი“, მავანთაგან განსხვავებით, ნამდვილად აქვს წაკითხული!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“ №25 (2019 წლის 24 ივნისი)
საქართველო, თბილისი