სამართალი
სომხეთი რუსეთიდან დამატებითი რეისების მისაღებად მზად არის

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის აეროპორტები მზად არიან დამატებითი რეისების მისაღებად, მას მერე, რაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აეკრძალა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ერევანის აეროპორტ „ზვართნოცის“ პრესმდივან სატენიკ ოვანისიანზე დაყრდნობით.

სომხეთის აეროპორტებიზვართნოციდაშირაქი“ (გიუმრი - რედ.) მზად არიან რუსეთიდან დამატებითი რეისების მისაღებად“, - განაცხადა ოვანისიანმა.

რუსული ავიაკომპანიები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით საქართველოში 8 ივლისიდან ფრენას ვერ შეძლებენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომაა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ სკანდალს და შემდგომ არეულობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასა და თბილისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა აგორდა, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.

რუსეთმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, საქართველო 8 ივლისამდე დატოვონ. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, რუსეთის ავიაკომპანიები მზად არიან, გაიყვანონ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეები 8 ივლისის შემდეგაც, მაგრამ უკვე სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის აეროპორტების გავლით, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერ მაქსიმ აკიმოვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით რეისებზე ბილეთების მასობრივ ჩაბარებას აფიქსირებენ.

ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia.

ამასთან, საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის ფრენების გაგრძელებას აპირებს ორი ქართული ავიაკომპანია - Georgian Airways и MyWay Airlines. მათ ვებგვერდებზე ბილეთების გაყიდვა 8 ივლისის შემდგომ თარიღებზეც მიმდინარეობს.

მანამდე კი რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში ტურების გაყიდვების შეჩერების რეკომენდაცია მიეცათ.

რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ანდრეი სუზდალცევი მიიჩნევს, რომ საქართველოს დანაკარგები რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, სულ მცირე, ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

თბილისში აჟიოტაჟი დაიწყო რუსეთის სახელწმიფო დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ. პოლიტიკოსი საქართველოს დედაქალაქში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე სესიაზე სამუშაოდ ჩამოვიდა. გავრილოვი ორგანიზაციის პრეზიდენტია.

ასამბლეის პირველი სესია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწყო. გავრილოვმა გახსნა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. ამან ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ღონისძიება ჩაიშალა, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები. თავად გავრილოვმა განმარტა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ის დასვა ქართულმა მხარემ, მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის თანახმად“. პოლიტიკოსმა განმარტა, რომ ასეთი საპატიო ადგილი უკვე ჰქონდა დაკავებული სხვა ქვეყნებში, და ამას პრობლემები არასდროს მოჰყოლია.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დაწყებული არეულობა ნაციონალური მოძრაობის აგრესიული მცდელობაა, რათა არიოს სიტუაცია ქვეყანაში“.

მოვლენებს უფრო მკვეთრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ის რუსეთს „მტერს და ოკუპანტს“ უწოდებს. მისი თქმით, პროტესტები კრემლის მიერ არის მართული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი აღშფოთებულია რადიკალების მოქმედებით, რომლებმაც თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალური ასამბლეის მუშაობა ჩაშალეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მართლმადიდებელ სახელმწიფოებს, თავისი ანტირუსული განწყობების გამოსახატავად“.

ამჟამინდელი ვითარება

საქართველოში საპროტესტო ტალღა არ ცხრება. არეულობა დედაქალაქში პარასკევს დილით დასრულდა, მას მერე, რაც პოლიციამ ათობით მოქალაქე დააკავა, ხოლო საღამოს, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდა. ამჯერად ის სტუდენტებისა და საზოგადო მოღვაწეების კონტროლქვეშ მიმდინარეობდა, პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის უფლებას იშვიათად აძლევდნენ.

აქცია გამთენიისას დასრულდა, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა. მიტინგის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შაბათს აქცია განახლდება - ისევ 19:00 საათზე. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება. მას პარასკევს ღამით აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.