პუბლიკაციები
თუ ასე გაგრძელდა, მალე საქართველოს 20 კი არა, 100% იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული! - მაიკლ კარპენტერი საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლის წინააღმდეგია

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. რუსეთს მოქალაქეები საქართველოში უძრავ ქონებას აქტიურად ყიდულობენ - რუსულ ვებგვერდზე ვაკის პრესტიჟულ კორპუსში პენტჰაუსი 2 მილიონ ევროდ იყიდება. პენტჰაუსს ორი დიდი ვერანდა აქვს მთელი თბილისის ხედებით და კრისტიან დიორის და ფენდის ფეშენებელური ავეჯითაა მოწყობილი. აღნიშნულ შენობაში კვადრატული მეტრი 4100 ევრო ღირს.

რუსები დაინტერესებული არიან არა მარტო თბილისის ახალი და ძველი პრესტიჟული უბნებით, არამედ ზამთრის და ზაფხულის კურორტებით. ყიდულობენ მიწებს, სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს და იწყებენ რუსულ ბიზნესს საქართველოში.

2012 -2016 წლებში საქართველოში სულ 2 691 313 უძრავი ქონება გაიყიდა. პირველ ადგილზე რუსები არიან, მათ ყველაზე მეტი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში. ბოლო სამი წლის ოფიციალურ მონაცემები საჯარო რეესტრიდან „კურიერმა“ გამოითხოვა, მაგრამ ამ დრომდე არ მიუღია. მანამდე თუ რეალტორებს დავუჯერებთ, 90%- ით გაზრდილია წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა.

თბილისის ტურისტულ უბნებშიც მთავარი ენა რუსულია, მათზე მორგებული მენიუები, რუსულენოვანი პერსონალი და აღფრთოვანებული რუსი ტურისტები, რომლებიც სამომავლოდ „სოლნეჩნაია გრუზიაში“ უძრავი ქონების შეძენის სურვილს გამოთქვამენ. რუსეთიდან ბინის შეძენის მსურველ ტურისტების უმრავლესობას საქართველოს ოკუპაციის შესახებ არაფერი სმენია. მარტო ბოლო 5 თვეში, ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის 539 432 მოქალაქე შემოვიდა საქართველოში ტურისტის სტატუსით, გასულ წელს 1 404 757, რაც ტურისტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 20%-ია. რუსული ინვესტიციები - ანუ საქართველოში დახარჯული რუსული ფული, ის რაც არ აღელვებს საქართველოს ხელისუფლებას, აშფოთებთ ვაშინგტონში.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს რუსეთთან ე.წ. “ღია კარის“ პოლიტიკის საფრთხეს. საქართველოში სამდღიანი სტუმრობის შემდეგ მაიკლ კარპენტერმა "ტვიტერზე" დაწერა და საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მალე საქართველოს 20 კი არა, 100 % იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული.

რუსი ტურისტი საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ 1350 ლარს ხარჯავს, ამერიკელი თითქმის ორნახევარჯერ მეტს - 3047 ლარს, ბრიტანელი კიდევ უფრო მეტს და ა.შ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოკუპაციის პირობებში ქვეყანას საფრთხეების სტრატეგიული ანალიზი სჭირდება და არა არითმეტიკული.