რედაქტორისგან
პომპეოს სურს, საქართველო პომპეიდ გადააქციოს?! - არნო ხიდირბეგიშვილი

     აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, როგორც ჩანს, მიზნად აქვს, გაანადგუროს    საქართველო, როგორც ძველი რომის ქალაქი პომპეი, რომელიც ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა! მიზეზი მარტივია - სიღატაკემდე ხელოვნურად მიყვანილმა ოდესღაც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა რესპუბლიკამ მოწინავე მრეწველობით და სოფლის მეურნეობით, მეცნიერებითა და კულტურით - საქართველომ კვლავ დაიწყო ფეხზე წამოდგომა რუსეთთან და ჩინეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ირანთან და ყაზახეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხარჯზე. ეს ეწინააღმდეგება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გეგმებს, რომლებშიც საქართველო მხოლოდ ლოგისტიკის თვალსაზრისით განიხილება - მას გამოყოფილი აქვს ტერიტორიის, ტვირთგადასაცლელი პუნქტის - ავღანეთში და ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების და სამხედრო კონტინგენტის გადასაზიდი სატრანსპორტო დერეფნის როლი. აქ, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის ბაზების პირისპირ ამერიკული სამხედრო ბაზების (საზღვაო - ანაკლიაში, სახმელეთო - ვაზიანში) განთავსების პერსპექტივით, რასაც ვაშინგტონში „შეკავების და საპირწონე სისტემას“ ეძახიან. მაქსიმალურად მცირერიცხოვანი, ლგბტ საზოგადოების მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსახლეობით ამ ბაზების დასაცავად და „GEORGIA“-დ წოდებული ტერიტორიის პატრულირებისთვის (ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტის ანალოგიური ამოცანები).

     აი, რატომ 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პომპეზურად განაცხადა: „აშშ იმედოვნებს, რომ საქართველო დაამთავრებს ანაკლიის პორტის პროექტს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც დაეხმარება მას, თავიდან აიცილოს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლად ყოფნა. ამ ყალბ მეგობრებს საქართველოს მიმართ საუკეთესო ინტერესები არ გააჩნიათ“. იმავე დღეს პომპეომ აუკრძალა ბახტაძეს, ყაზახეთის ახალი პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევისათვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა...

     ასეთი რამის უფლებას თავის თავს რომის რესპუბლიკის კონსული პომპეუს დიდიც კი არ მისცემდა! რა უფლებით ერევა ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს საქმეებში ამერიკელი სახელმწიფო მოხელე პომპეო - რიგით მესამე სახელმწიფო მდივანი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი?! და უბრძანებს საქართველოს, შეწყვიტოს ეკონომიკური პარტნიორობა მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებთან?! ეს არის ნაქები ამერიკული დემოკრატია?! განა პომპეოს ქართველი კოლეგა დავით ზალკალიანი კარნახობს აშშ-ს - ვისთან ივაჭროს და აწარმოოს ბიზნესი?!

     მეტიც - იმისთვის, რომ დაბლოკოს ჩინური მეგაპროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ აღმოსავლეთ-დასავლეთ მარშრუტების მიჯნაზე მყოფი საქართველოს განვითარება, რომელსაც შეუძლია, უმოკლეს ვადაში გადააქციოს ის აყვავებულ სახელმწიფოდ, პომპეო საქართველოში თავისი რეზიდენტების გამოგზავნას აპირებს! არა, აშშ არ აპირებს ქართული პროდუქციისათვის ამერიკული ბაზრის გახსნას და საქართველოს სავაჭრო პარტნიორობას მასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერიდან 10 წლისთავზეც კი, და ამგვარად რუსეთის და ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევას! აშშ-ის რეგიონული კომერციული წარმომადგენლობა, რომელიც თბილისში მალე გაიხსნება, სანქციებს დაადებს საქართველოს მონაწილეობას რუსეთთან, ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყაზახეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან ნებისმიერ ერთობლივ პროექტს, ყველა კონტრაქტი ამერიკული რეზიდენტურის ცენზურას გაივლის, რის შედეგად საქართველო თავისი დამოუკიდებლობის ნარჩენებსაც დაემშვიდობება!

     მაგრამ განა ამერიკელი მენტორები პირველად აძლევენ თავს მსგავსი გამოხდომების უფლებას?! განა ისინი არ გამოხატავდნენ მკვეთრ უკმაყოფილებას საქართველოსა და ირანს, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების და პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნის გამო?! და თავად ამერიკა დღემდე რატომ არ დათანხმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნას? ანდა რატომ არ აპირებს საქართველოს „№1 სტრატეგიული პარტნიორი“ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებას, როგორც „ოკუპანტი რუსეთი“, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს? და რატომ არის თითქმის შეუძლებელი თბილისში ამერიკის ვიზის მიღება, ქრთამით და დიდი ჩაწყობითაც კი?

     სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გაახსენდათ, რომ ძალზე ცოტა რამ იციან საქართველოს შესახებ და სანამ მას იარაღით ტენიდნენ და ნატოში გაწევრიანების შესახებ ზღაპრებით კვებავდნენ, საქართველო 2012 წლიდან ზრდიდა სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან და დანარჩენ ტრადიციულ პარტნიორებთან და ის დღეისათვის რამდენჯერმე გაზრდილია! ნებისმიერმა ქართველმა ძალიან ბევრი რამ იცის ამერიკაზე, ამერიკელებმა კი საქართველოზე თითქმის არაფერი იციან! სახელმწიფო მდივანი პომპეოც კი, როგორც აღმოჩნდა, ფიქრობს, რომ საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთის მისიაში სულ 32 სამხედროა, 870 - მთელი დროის განმავლობაში! „ახლა, როცა თქვენ გელაპარაკებით, 32-მა მამაცმა ქართველმა იცის, რომ მათ ყველაფერზე უარი თქვეს, რათა ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ებრძოლათ მშვიდობისათვის. ჯამში 870-მა ქართველმა ჯარისკაცმა შეიტანა წვლილი ნატოს ავღანურ სამშვიდობო მისიაში“, - განაცხადა მან ზემოთ ხსენებულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პრემიერ ბახტაძესთან ერთად გამართა...

     უპრეცედენტო სირცხვილი?! სულაც არა, აშშ-ში, ჩვეულებრივ, თავს არ იწუხებენ ზედმეტი ინფორმაციით, ჰოდა, საქართველოზეც ზუსტად იმდენი იციან, რამდენის ცოდნაც აუცილებელია გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ლოგისტიკური სივრცის შესახებ! ახლა, როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამოტოვებულის ანაზღაურებას ცდილობენ, მაგრამ უწინდებურად არ გაუცნობიერებიათ, რომ აკრძალვების მეთოდი ქართველებისთვის კონტრპროდუქტიულია და ლგბტ-„ღირებულებები“ მათთვის კვლავაც უცხოა, მიუხედავად ასობით მილიონი დოლარისა, რომლებიც საქართველოში მათი პროპაგანდისათვის ირიცხება! ამაში დასარწმუნებლად უნდა წაიკითხოთ, რას წერს ქართველების უმრავლესობა ფეისბუქზე, და არა NDI–IRI-ს გაყალბებულ დაკვეთილ სოციალურ გამოკითხვებს დაუჯეროთ!

     თურქეთის რუსეთთან დაახლოების და, ამის შედეგად, ვაშინგტონთან მისი ურთიერთობის გაუარესების შემდეგ საქართველოს, როგორც რეგიონში დარჩენილი ერთადერთი საიმედო პლაცდარმის მნიშვნელობა აშშ-სათვის მკვეთად გაიზარდა. და მნიშვნელობა არა აქვს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ს რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს და საკუთარი ბიუჯეტიდან ინახავს (საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში აყვავებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის სრულ დოტაციაზე არიან, რადგან დამოუკიდებლად თავის შენახვა არ ძალუძთ).

სამაგიეროდ, დანარჩენი 80% აშშ-ის სრული კონტროლის ქვეშაა, მაგრამ თავს თვითონ ირჩენს ქართული პროდუქციის ექსპორტის ხარჯზე რუსეთსა და ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში; ტურისტების, ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსულების ხარჯზე; რუსეთიდან და ევროპიდან ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით. ეს მეტად ხელსაყრელია ამერიკისთვის, რომელიც პირიქით, მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში შესული თანხების ხარჯვას აიძულებს ნატოს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღების შესაძენად, რაც სავალდებულოა ასპირანტი ქვეყნისათვის! ეს, ძირითადად, ამერიკული შეიარაღებაა, როგორც FGM-148 «Javelin», რომლებიც ვაზიანის საცავში იმტვერება, რომლებსაც, ალბათ, არასდროს გამოიყენებენ და, ბოლოს და ბოლოს, მესამე ქვეყნებში გაყიდიან (ან ისლამური სახელმწიფოს მსგავს ორგანიზაციებზე, თუკი აშშ კვლავ გადაწყვეტს სადმე მათ შექმნას...).

     მაგრამ ყველაზე მეტად აშშ-ს მაშინ შეეშალა, როცა ქართველი ხალხის ინტელექტი აბორიგენების ტომების დონეზე შეაფასა. „საქართველოს ძალისხმევა განამტკიცებს ჩემს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ დაკარგავთ აშშ-ის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა პომპეომ ბრიფინგზე ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ. მაგრამ საქართველოში არ დავიწყებიათ, რომ სინამდვილეში ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე არავითარი რეფერენდუმი არ ჩატარებულა; ქართველმა ხალხმა იცის, რომ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის მქონე ქვეყნის ნატოში მიღებას მისი წესდების ორი პარაგრაფი კრძალავს; საქართველოში ეს ზღაპრები აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის მთელი 10 წლის განმავლობაში ესმით და ახსოვთ, როგორ იცეკვა „შალახო“ ამერიკის პრეზიდენტმა თბილისის ცენტრში, მაგრამ ამის შედეგად საქმემ ოდნავაც არ წაიწია წინ! ბოლოს და ბოლოს, ქართველ ხალხს სახელმწიფო მდივან პომპეოზე მეტად პრეზიდენტ ტრამპისა სჯერა, რომელმაც ერთი წლის წინ, საგანგებო ბრიფინგზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის მსვლელობისას ბრიუსელში პატიოსნად უთხრა უარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე: „შესაძლოა, მომავალში გაჩნდეს შანსი, მაგრამ ახლა არა!“.

     და კიდევ, საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩათ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება რომელიც მან გასულ კვირას სერბულ გამოცემა „პოლიტიკისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: „ავსტრიის, ფინეთის და შვედეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს“. ეს იყო მესიჯი საქართველოსთვის, რომელსაც შექმნილ ვითარებაში ორი ადეკვატური არჩევანი აქვს:

1. უარი თქვას ნატოში გაწევრიანების კურსზე და გახდეს ნეიტრალური ქვეყანა, როგორც მეზობელი აზერბაიჯანი, აგრეთვე ავსტრია, ფინეთი და შვედეთი. ასეთ შემთხვევაში გაქრება ერთადერთი დაბრკოლება რუსეთთან დიალოგის დაწყებისთვის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაწყვეტისთვის; რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნისთვის; გაქრება ნატოს მისიებში მონაწილეობის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებად შეიარაღების შესყიდვის აუცილებლობა, როგორც ამას ალიანსის სტანდარტები მოითხოვს ასპირანტი ქვეყნისაგან. თუმცა შენარჩუნდება ნატოს ნებისმიერ წვრთნაში მონაწილეობის შესაძლებლობა ქართული ჯარის საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებისთვის.

2. უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და შევიდეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, როგორც მეზობელი სომხეთი და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნები, მაგალითად, ყაზახეთი და ბელარუსი - საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორები. ასეთ შემთხვევაში საქართველო შეძლებს, ისარგებლოს შიდა საბაჟო, სატრანსპორტო და სხვა საგადასახადო ტარიფებით, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრმა ქვეყანამ. ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი თუ გახდება, გაქრება ნატოს მისიებში მონაწილეობის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებად შეიარაღების შესყიდვის აუცილებლობა, როგორც ამას ალიანსის სტანდარტები მოითხოვს ასპირანტი ქვეყნისაგან.

     არსებობს მესამე გზაც - პომპეის მცხოვრებთა ბედის გაზიარება, რომლებიც, როგორც ამბობენ, ცხოვრების ამორალური წესის გამო თავად უფალმა დასაჯა! ოღონდ ამჯერად ეს ვულკანი კი არა, ვიღაცის რაკეტები იქნება...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 19 ივნისი
საქართველო, თბილისი