აქტუალური
ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი, მანამდე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ჯანდაცვის ახალი მინისტრი გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.

ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა.

როგორც შეგპირდით, ქართული მედია ხართ პირველი, რომელიც შეიტყობთ ჩვენი საკადრო გადაადგილებების შესახებ. დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე“, – განაცხადა პრემიერმა.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.