აქტუალური
ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე ძალიან ზედმეტებში გადადიან - მეუფე იაკობი

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერებისა და მათი მოწინააღმდეგეების აქციებზე ილაპარაკა და მიმდინარე მოვლენებს ძალადობა და მორალური ტერორი უწოდა.

"კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს, უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო არ დავაზიანოთ და არ დავაზარალოთ. კარგად ვხედავთ ვნებათაღელვას და ეს დაპირისპირებული მხარე ძალიან ცუდია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველო ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია, გადმოვიღოთ, და ხალხში ასეთ ვნებას როცა ხელს უწყობ, ალბათ უნდა გაიაზროს საზოგადოებას იმ ნაწილმა ის, რომ რა შეიძლება მაგას მოჰყვეს.

ამას სხვანაირად ჰქვია ჩვენ საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალადობა და ასევე შევადარებდი მორალურ ტერორს. იმიტომ რომ ძალით გამოიყვანო ქუჩაში და რაღაცა მოხდეს უბედურება, ეგეც არავის არ უნდა. იმიტომ რომ ისედაც მყიფეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია.

ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება, ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის", - თქვა მეუფე იაკობმა.