საზოგადოება
2012 წლიდან დღემდე საქართველომ რუსეთში მილიარდ-ნახევარი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. 2012 წლიდან დღემდე საქართველომ რუსეთში მილიარდ-ნახევარი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრაღის ფორმატი 2012 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნა.

როგორც აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ფორმატის შექმნამდე ქართული ექსპორტი რუსეთის მიმართულებით თითქმის ნულის ნიშნულზე იყო, მისი ამოქმედებიდან დღემდე კი რუსეთის ბაზარზე ასობით მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.

ეს ფორმატი შეიქმნა 2012 წლის ბოლოს, სავაჭრო ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხების მოსაგვარებლად. 2012 წელს ჩვენ პრაქტიკულად ნულის ნიშნულზე გვქონდა ჩვენი ექსპორტი რუსეთში, რუსეთიდან იმპორტი შემოდიოდა, მაგრამ საქართველოდან რუსეთში არაფერი გადიოდა და იყო ძალიან დიდი დისბალანსი ჩვენს ვაჭრობაში. აი, ამ უთანასწორობის გამოსასწორებლად შეიქმნა პრაღის ფორმატი. შემდეგ ეს ვითარება გამოსწორდა, ახლა ჩვენი ვაჭრობა პრინციპში, დაბალანსებულია. ჩვენ იქიდან მოყოლებული, ამ წლებში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ რუსეთში, მილიარდ ნახევარი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც ძალიან დიდი თანხაა. შეძლებისდაგვარად ჩვენ ხელი შევუწყვეთ ტურიზმის განვითარებას, სატრანსპორტო კავშირების განვითარებას და ამ თვალსაზრისით გარკვეული დინამიკა ნამდვილად არის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართულ მხარეს უკმარისობის გრძნობა აქვს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების კუთხით.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უკმარისობის გრძნობა იმის გამო, რაც ხდება პოლიტიკური განხრით. მხედველობაში მაქვს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. შეხვედრებზე ჩვენ ამ საკითხებს თუ შევეხებით, ეს არის ჩვენი ინიციატივით, რადგან ამ ფორმატით ამ საკითხების განხილვა პრინციპში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ გვერდს ამას ვერ ავუვლით და ყველა შეხვედრაზე ამ საკითხებზეც ვსაუბრობთ”, - განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.