პოლიტიკა
რუსი ექსპერტები ისარგებლებენ ქართული მხარის წინადადებით, რომ თბილისში ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერონ - გრიგორი კარასინი

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ლუგარის ცენტრის დასათვალიერებლად რუსი ექსპერტები ეწვევიან.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის პრაღაში შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ხშირად კეთდება სიუჟეტები ჩვენი მედიით და თქვენი ტელევიზიებითაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე მე მადლობა გადავუხადე ქართულ მხარეს წინადადებისთვის, რომ ჩვენი ექსპერტები ეწვიონ ლუგარის ლაბორატორიას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. მართებულია და მისასალმებელია, მაგრამ შევთანხმდით, რომ ექსპერტებმა საქართველოში ჩამოსვლამდე გამართონ შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმდნენ. მაგალითად, რისთვის მოდიან, რას დაათვალიერებინებენ ლუგარის ლაბორატორიაში. ექსპერტები იმიტომ არიან ექსპერტები, რომ მათ არ სჯერათ ტელევიზიით მომზადებული რეპორტაჟების.

მათ სურთ, გაიგონ დეტალურად ყველაფერი და რისთვის ჩამოვლენ. ჩვენს ექსპერტებს სურთ, დეტალურად გაეცნონ ამ ლაბორატორიის მუშაობას. მათ აქვთ სურვილი, დასვან კითხვები და ამ კითხვებზე მიიღონ სრულყოფილი პასუხები.

შესაბამისად, ამ ყველაფრის შემდეგ სხვა თვალით შეხედონ ლაბორატორიის მუშაობას. შეხვდნენ ერთმანეთს, დაგეგმონ და შეთანხმდნენ. ზუსტი თარიღი არ ვიცი. ისინი ამას თვითონ გადაწყვეტენ“, - განუცხადა კარასინმა „ქრონიკას“.

თემაზე კომენტარი გააკეთა ზურაბ აბაშიძემაც: ხშირად გვესმის მათი განცხადებები, რომ შეშფოთებულები არიან იმით, რაც ლუგარის ლაბორატორიაში ხდება. ჩვენ ვეუბნებით, რომ იქ არაფერი შესაშფოთებელი არ ხდება. თუ აქვთ სურვილი რუს მეცნიერს, სპეციალიტს, ექსპერტს, მაშინ მათთვის ლაბორატორიის კარი ღიაა. ჩამობრძანდნენ და დაათვალიერონ. შარშან დიდი კონფერენცია ჩატარდა. მოწვეულები იყვნენ რუსი სპეცილისტები და არ ჩამოვიდნენ. ამჯერადაც ღიაა ლაბორატორიის კარი. თუ ექნებათ სურვილი ჩამოვიდნენ. თითქოს აქვთ ჩამოსვლის სურვილი და მიიღონ მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებაში. სამუშაო რეჟიმში დეტალები დაზუსტდება. ლაბორატორიის კარი ღია იყო და არის ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერისთვის. ადრეც გვქონდა შეთავაზება, დღესაც აქვთ და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამჯერადაც. ეს არ არის დახურული უწყება. ეს არის სამეცნიერო ცენტრი. არავის მათთვის უარი არ უთქვამს“.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.