პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა მიმდინარე წელს რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარების შუალედური შედეგები შეაჯამეს. სამინისტროს განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ფუნდამენტად სავაჭრო-ეკონომიკური სფერო რჩება.

ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპების შენელების მიუხედავად, რუსეთი რჩება საქართველოს რიგით მეორე საგარეო სავაჭრო პარტნიორად და ქართული პროდუქციის, უპირველეს ყოვლისა, ღვინის უმსხვილესი იმპორტიორად. რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტების წილი კვლავ იზრდება. ვითარდება სატრანსპორტო კავშირი. მხარეები ავიაგადაზიდვების კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობის მხრივ მუშაობაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვითარდება ჰუმანიტარული კონტაქტები. საქართველოში სულ უფრო მეტი რუსი ტურისტი ჩადის. 2019 წლის იანვარ-აპრილში ეს რიცხვი 25 პროცენტით არის გაზრდილი. 2018 წელს, როგორც ცნობილია, საქართველოში რუსეთის 1,5 მილიონი მოქალაქე იმყოფებოდა.

გრიგორი კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ზემოხსენებულ პოზიტიურ ტენდენციებთან მკვეთრ კონტრასტს წარმოადგენს ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის არამეგობრული რიტორიკა. სტაბილურობისთვის საშიშ ხასიათს იძენს რეგიონში ნატოსა და აშშ- სამხედრო აქტივობა. პერსპექტივაში, ეს შესაძლოა, საკმაოდ ნეგატიურად აისახოს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ასევე პრაღაში გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ განიხილეს რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების განხორციელების პერსპექტივები. მხარეების შეთანხმდნენ, შვეიცარიის შუამავლობით გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა შეთანხმების რეალიზების სწრაფად დასაწყებად.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ რუსი სპეციალისტები ლუგარის ლაბორატორიაში მიიწვია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდება დამატებითი ორმხრივი კონსულტაციები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ კონტაქტების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს. მორიგი შეხვედრა 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.