საზოგადოება
„პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდობა და კონფლიქტები“

kavkasiuriასეთია თემა დებატებისა, რომელიც დღეს, 14 მარტს, „კავკასიურ სახლში“ გაიმართება.

როგორც დებატების ორგანიზატორებმა საქინფორმის კორესპონდენტს აცნობეს, ეს შეხვედრა ტარდება პროექტის – „აქტიური საზოგადოება, როგორც სამშვიდობო ინიციატივების გარანტი“ – ფარგლებში.

დებატებზე ქართული პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა პარტიებისა და ახალგაზრდობის მიზნები და ამოცანები კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

შეხვედრის მოდერატორი ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ თავმჯდომარე კოტე ჩოკორაია იქნება.

პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერაა დაფინანსებული.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის პროცესში ახალგაზრდობის ჩართვას და დაინტერესებულ მხარეებს ერთობლივად შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივები მიაწოდოს.