საზოგადოება
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მ ი მ ა რ თ ვ ა კავკასიელ ხალხებს

kavkas_mimartvaპატივცემულო მკითხველებო! გთავაზობთ დოკუმენტს, რომელიც საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ ელექტრონული ფოსტით მიიღო 2011 წლის 11 მარტს (ქვეყნდება სრულად და უკომენტაროდ):

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის

მ ი მ ა რ თ ვ ა

კავკასიელ ხალხებს

ძმებო და დებო. მაქვს პატივი მოგესალმოთ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის სახელით და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები.

მოგახსენებთ, რომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია კავკასიელთა გაერთიანებული ძალებითა და შესაძლებლობებით აქტიურ მოღვაწეობას ეწევა კავკასიისა და კავკასიელების ინტერესების სასარგებლოდ. ამის დასტურია 2009 წლის 1 მარტიდან ვიდრე დღემდე ჩვენს მიერ მიღებული მრავალი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილება:

  1. შევიმუშავეთ კავკასიის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის პროექტი;
  2. შევქნებით პროექტი მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად კავკასიის რეგიონში.
  3. ვაღიარეთ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ქვეყნების დამოუკიდებლობა, 1990 წლის 25 ნოემბრის დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც თავის დროზე რუსეთის ფედერაციამაც აღიარა;
  4. ვაღიარეთ ჩერქეზი ერის გენოციდი და ვცანით ჩერქეზეთის დამოუკიდებლობა იმ გეოგრაფიულ საზღვრებში, რომელშიც ეს უძველესი კავკასიელი ერი ცხოვრობდა ისტორიულად გადასახლებამდე;
  5. ჩვენს დაღესტნელ თანამოაზრეებს შევთავაზეთ დამოუკიდებელი დაღესტნის სახელმწიფოებრივი და ადმინისრტაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფედერალური მოდელი უფრო გაფართოებული უფლებებით წარმომადგენლობით ორგანოებში;
  6. ჩვენი შუამდგომლობითა და კვალიფიციური იურისტების დიდი ძალისხმევით რამოდენიმე საზოგადოებრივად აქტიური კავკასიელი გადავარჩინეთ რუსეთში ექსტრადიციას;
  7. საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართეთ სამშვიდობო ინიციატივით და შევთავაზეთ მედიატორობა ამბოხებულ კავკასიელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის;
  8. გავმართეთ რამოდენიმე კონფერენცია, სადაც საზოგადოებას გავაცანით კავკასიის რეგიონალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები;
  9. დავხვეწეთ და სამოქმედო პროგრამად ჩამოვაყალიბეთ 1991-2001 წლებში შემუშავებული კონცეფცია კავკასიელ ხალხთა კულტურული დაახლოების და კავკასიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ;
  10. მალე ამოქმედდება კულტურული და სპორტული ღონისძიებების გეგმა, რომლის გრაფიკზე მუშაობის პროცესი უკვე დასრულდა;
  11. შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კავკასიაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს ხელისუფლება არ დაგვხმარებია, მეტიც, ბლოკავს ჩვენი საქმიანობის გაშუქებას მედიაში და ცდილობს ჩვენი ინიციატივების გადაფარვას უბადრუკი კონფერენციებით, რომლებსაც რეალურად შედეგი არ მოაქვს გარდა იმ საბედისწერო ფაქტებისა, რომელიც საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებულ ავტორიტეტულ კავკასიელებს დაატყდებათ ხოლმე თავს სხვადასხვა უბედურებების სახით, ზოგიერთი მათგანი დააპატიმრეს, ზოგი უგზოუკვლოდ გაქრა, ზოგიც ფიზიკურად გაანადგურეს. საეჭვოა, როგორ იგებენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართველოში დახურულ კარს მიღმა შემდგარი საუბრების შინაარსს?

ჩვენის აზრით, სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული რამოდენიმე საეჭვო წარსულის მქონე ადამიანი სასოწარკვეთილი ცდილობს გაამართლოს თავისი ხელისუფლებაში ყოფნა პირველი პირების წინაშე, ხელისუფლება კი ცდილობს ზოგადკავკასიური ერთიანობის იდეა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან პოლიტიკური ვაჭრობისათვის გამოიყენოს და საერთაშორისო ტრიბუნებიდან თავისი შესაძლებლობების ფიარი მოახდინოს.

მიგვაჩნია, რომ ზოგადკავკასიური ერთიანობის თემით ვაჭრობა და ამ ფეთქებადსაშიში რეგიონით მანიპულირება დამღუპველია თავისუფლებისათვის მებრძოლი კავკასიელებისათვისაც და იმ ინტერეს ჯგუფებისათვისაც, რომლებიც კავკასიაში კავკასიელი ხალხების ინტერესების გაუთვალისწინებლად ცდილობს გავლენა მოიპოვოს რეგიონში.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციისა და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე უფრო დაწვრილებით შემდგომ მიმართვებში მოგახსენებთ.

კავკასია ერთიანი ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური სისტემაა, ძალიან მდიდარი ბუნებრივი და ადამიანური რესურსებით, რომელიც მოიცავს კავშირ-ურთიერთობების ერთიან სისტემას შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან კასპიიის ზღვის აუზის ქვეყნების ჩათვლით, რაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსს ანიჭებს ყველა კავკასიურ რესპუბლიკებას.

კავკასიის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა, გზაჯვარედინი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ასევე მისი მიწისზედა და მიწისქვეშა რესურსები რეგიონში დაუმთავრებელი ეთნიკური ომებისა და სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

საომარი მოქმედებები ყარაბაღში, აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში და ახლა უკვე ყაბარდოშიც, არის შედეგი, ხოლო გამომწვევი მიზეიზი კი ის არის, რომ კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად იბრძვის რამოდენიმე დიდი სახელმწიფო, ორი ეთნიკური ლობი, ეზოთერული მიმდინარეობა და რადიკალური რელიგიური მიმართულება, რომლებიც თავიანთი ინტერესების დამცველ ჯგუფებს აფინანსებენ კავკასიაში და ხშირად იყენებენ მათ კავკასიური ინტერესების, კავკასიური ცხოვრების წესისა და ტრადიციების წინააღმდეგ.

გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში წამყვანი პოზიციების დასაკავებლად ზემოთჩამოთვლილ ინტერეს ჯგუფებს კავკასიის რეგიონი სჭირდებათ საკუთარი უპირატესობის განსამტკიცებლად ენერგომატარებლების სფეროში, ისე, რომ არ ითვალისწინებენ კავკასიელების სურვილებს და არც აინტერესებთ თუ როგორი მომავლის აშენება გვსურს ჩვენ.

ძმებო და დებო, ბანალურია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხსნა და მშვიდობა კავკასიაში მხოლოდ ერთობაშია! კონკრეტულად კი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციაში, რაც ევროკავშირის კავკასიურ მოდელს წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ძალისხმევა 2011 წელს მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენი საქმიანობა მოვაქციოთ საერთაშორისო სამართლის ნორმების ჩარჩოებში და ცივილიზებულად, საერთაშორისო ნორმებით აღიარებული პოლიტიკური საქმიანობით გავამყაროთ ყველა ის შედეგი, რასაც მივაღწიეთ საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსით.

იმისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა გახდეს მიზანმიმართული და კიდევ უფრო გამჭვირვალე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, საჭიროა ჩვენი ორგანიზაცია გადაკეთდეს პოლიტიკურ გაერთიანებად, რომელსაც წარმომადგელობები ეყოლება როგორც კავკასიურ რესპუბლიკებში, ისე მის ფარგლებს გარეთ კავკასიურ დიასპორებში.

იმისათვის, რომ ორგანიზაციის საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დავიცვათ ჭორებისა და ცილისწამებისაგან, აუცილებლად მიგვაჩნია შეიქმნას ფონდი, რომელიც შემოწირულობების სახით დაეხმარება პოლიტიკოსებს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ღონისძიებების პრაქტიკულ რეალიზებაში.

მოგეხსენებათ, ზოგადკავკასიური ერთიანობისაკენ სწრაფვა არ მოეწონებათ იმ ინტერეს ჯგუფებსა და მათ ლიდერებს, რომლებიც კავკასიაში გავლენების მოსაპოვებლად იბრძვიან და ჩვენი საქმიანობის განეიტრალებას შეეცდებიან. ალბათ პიროვნებებზეც დაიწყებენ ”ნადირობას”. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენს პოლიტიკურ გააქტიურებას და ამისათვის მზადაც ვართ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ თანახმა ხართ გვერდში ამოგვიდგეთ და ერთობლივი ძალისხმევით გავუძღვეთ დემოკრატიულ მოძრაობას კავკასიაში, თუ თქვენ მზად ხართ რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებები გადავიყვანოთ პოლიტიკური ბრძოლის სამართლებლივ სიბრტყეში და ყველა პრობლემა მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადავწყვიტოთ.

და ბოლოს, საერთაშორისო საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების გასაგონად მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელობას, წევრებს და თანამოაზრეებს არანაირი შეხება არა აქვთ და არც ჰქონიათ საქართველოს ხელისუფლებასთან და მათ მიერ დეკლარირებულ ”მშვიდობიან კავკასიასთან”, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული პროექტი და სხვა იდეები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავს იწონებს საერთაშარისო ორგანიზაციების წინაშე, ჩვენგან მიითვისეს.

ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ხან რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სასარგებლოა და ხან დასავლეთის. ე.ი. არასტაბილურია და, შესაბამისად, საეჭვო, რის გამოც ჩვენ ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას ნებისმიერი შესაძლო გართულების გამო რეგიონში.

 

პატივისცემით,

კავკასელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე

ზაალ კასრელიშვილი