რედაქტორისგან
„კონფლიქტიდან გამოსასვლელად მთავარია არა ამბიციების, რომლებიც კავკასიელებს უხვად გვაქვს, არამედ ურთიერთობის შენარჩუნება! - ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორ ა. ხიდირბეგიშვილთან სოჭში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე

medvedev_aliev_sargsyan– ბატონო არნო, 2011 წლის 5 მარტს ქალაქ სოჭში გამართულ შეხვედრაზე კონფლიქტის მონაწილე მხარეები ტყვეების გაცვლასა და საკითხების მშვიდობიანად გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ. სინამდვილეში კი მოლაპარაკებათა პროცესში არანაირი ხელშესახები ძვრები არ შეინიშნება. ახლა რას უნდა ველოდოთ?..

– უპირველესად, თავად კითხვის ფორმულირებაში ვხედავ გარკვეულ წინააღმდეგობას: როგორ თუ ძვრები არ შეინიშნება?! თქვენი კითხვის პირველ წინადადებაში უკვე დაფიქსირებულია ძვრა – ტყვეთა გაცვლის პროცედურის განხილვა უკვე ურთიერთნდობის ღონისძიებების განმტკიცების კატეგორიაში ექცევა. ეს, რასაკვირველია, ძირეული ცვლილება არაა, მაგრამ უკვე მსჯელობის კონკრეტული საგანია: დღეს ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკებენ, ხვალ – ჯარების ურთიერთშეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის აღკვეთის პრევენციულ ზომებზე, შემდეგ კი, თანდათანობით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, ლტოლვილთა დაბრუნებისა და ამ პროცესის გარანტორების, დემილიტარიზაციისა და მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხამდეც მივლენ.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ ძვრები არის, მოლაპარაკებათა პროცესს შეემატა რეალური კონკრეტიკა, მით უფრო, რომ ჩვენთვის უცნობია სამი პრეზიდენტის საუბრის ყველა დეტალი – ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად „კადრს“ მიღმა რჩება...

– მოიაზრება, რომ რუსეთი, როგორც დე ფაქტო უმთავრესი შუამავალი, სინამდვილეში სტატუს-კვოს შენარჩუნებითაა დაინტერესებული. თქვენც ასე ხომ არ ფიქრობთ?

– დიახ, მაქვს განცდა, რომ რუსეთი დაინტერესებულია არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით და მას ამის შემდეგაც შეინარჩუნებს. შემიძლია დავაზუსტო კიდეც, რა ობიექტური მიზეზების გამო ჩამომიყალიბდა ეს სუბიექტური განცდა.

მაშ ასე: თუკი რუსეთს განვიხილავთ, თქვენივე შეფასებით, როგორც დე ფაქტო ძირითად შუამავალს, საგულისხმოა, რომ ბოლო 20 წელია, ის დაჟინებით იმეორებს კატა ლეოპოლდის ფრაზას ცნობილი მულტფილმიდან: „ბიჭებო, მოდი, მეგობრულად ვიცხოვროთ!“ მერედა, რა? – არც არაფერი! უფრო სწორად, მთელი ამ წლების განმავლობაში, სულ მცირე, თუნდაც მყიფე, მაგრამ არის მშვიდობა შენარჩუნებული! მაშასადამე, რუსეთი, ისევე, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფი, არსებულ გამოუვალ სიტუაციაში სტატუს-კვოთი, ანუ მშვიდობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული, რადგან საბრძოლო მოქმედების განუახლებლობა, სულ მცირე, მშვიდობას ინარჩუნებს! „უხეირო მშვიდობა კი სასიკეთო ჩხუბს სჯობს“...

ხოლო თუ თქვენ სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე ლაპარაკისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში რუსეთის ფედერაციის უმოქმედობაზე მიანიშნებთ, მაშინ, როგორც პრაქტიკა მოწმობს, კონფლიქტურ სიტუაციას არა შუამავლები (თვით მთავარი შუამავალიც კი!), არამედ კონფლიქტის მხარეები ჭრიან, ხოლო შუამავლები უბრალოდ შუამავლობენ, პროცესს ხელს უწყობენ და გარკვეულ დონეზე გადასვლის შემდეგ მისი გარანტორები ხდებიან.

თუმცაღა, ვერაფრით დავეთანხმები რფ-ის, როგორც დე ფაქტო უმთავრესი შუამავლის ფორმულირებას: შესაძლოა, ამჟამად რუსეთი ყველაზე აქტიური შუამავალია, მაგრამ დე ფაქტო და დე იურე შუამავალს ეუთოს მინსკის ჯგუფი წარმოადგენს, სადაც, რფ-ის გარდა, როგორც იცით, აშშ და საფრანგეთიცაა წარმოდგენილი, რომლებიც, ასევე, დიდ აქტივობას იჩენდნენ.

და მაინც, სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმულირება შემთხვევით არ გამოგიყენებიათ. შესაბამისად, მებადება კითხვა: ვინ და რისთვის მიანიჭა რფ-ს უმთავრესი შუამავლის სტატუსი? და თავადვე ვუპასუხებ: მან, ვისთვისაც ხელსაყრელია რუსეთის დადანაშაულება სომხეთის ხელშეწყობაში, რათა შემდეგ როგორღაც აუხსნას აზერბაიჯანელ ხალხს – რატომ აღმოჩნდა ბოლო 20 წლის განმავლობაში მათი „ძალისხმევა“ უშედეგო (შუამავალი, რომელიც რომელიმე მხარეს მეტად ემხრობა, ცუდი შუამავალია...). საფრანგეთისა და აშშ-ის დადანაშაულება სომხეთის აშკარა მხარდაჭერაში ხელსაყრელი არაა ბევრი გასაგები მიზეზით (ამისთვის არგუმენტაციაც არასაკმარისია), ამიტომაც „საუკეთესო“ გამოსავალია რუსეთის, როგორც უმთავრესი შუამავლის, დადანაშაულება! დავაჯამებ:

ვერსია 1 – რუსეთისთვის ხელსაყრელია სტატუს-კვოს შენარჩუნება კონფლიქტის ზონაში, რათა არ დაუშვას კიდევ ერთი კონფლიქტის გაჩაღება კავკასიაში;

ვერსია 2 – რუსეთისთვის ხელსაყრელი არაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სტატუს-კვოს შენარჩუნება, თუმცა ამას აკეთებს შემდგომი საკუთარი ფართო ინტერესებიდან გამომდინარე.

განვმარტავ: გამორიცხული არ არის, რომ მსოფლიოში გარკვეული ვითარების შექმნის შემთხვევაში (სახელმწიფოთა პარტნიორობა ახლო აღმოსავლეთის პრობლემების, ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების, ეკონომიკური სანქციების ერთობლივი მიღების საკითხებში, სხვადასხვა საფრთხის წინააღმდეგ – იქნება ეს ბირთვული იარაღი, ნარკოტრაფიკი თუ საერთაშორისო ტერორიზმი – ერთობლივი ბრძოლის პერსპექტივის კონტექსტში) რუსეთი ამ სტატუს-კვოს სასწორის პინაზე დამატებით შემოდებს გაცილებით გლობალური (ვიტყოდი, კონცეპტუალური!) ახალი მსოფლიო წესრიგის პრობლემათა გადაჭრისას და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიც სხვა პრობლემებთან კომპლექსურად გადაწყდება.

– ბატონო არნო, ხალხს არ შეუძლია მუდამ ახალი კონფლიქტის შიშში ყოფნა, რომლის ზონაშიც პერმანენტულად ისვრიან – თითქმის ყოველდღე! პოლიტიკა პოლიტიკაა, თუმცა, არსებობს ადამიანთა ფაქტორიც, ლტოლვილები, ბოლოს და ბოლოს... თუ რფ-ს არ შეუძლია ან არ სურს კონფლიქტის მხარეებზე ზეწოლა იმისათვის, რომ ამ უკანასკნელებმა თავიანთი დესტრუქციული პოლიტიკა შეცვალონ, ეგებ ღირდეს შუამავლის შეცვლაზე ფიქრი? იგივე ითქმის აშშ-სა და საფრანგეთზეც, რომლებიც ამ ბოლო ხანს საკმაოდ პასიურობენ! ამაზე რას ფიქრობთ?

– სანამ გიპასუხებდეთ, მინდა, კითხვა დავაზუსტო: როგორც მივხვდი, აქ საუბარია „ძირითადი შუამავლის“ შეცვლაზე კონფლიქტში. ეს კითხვა, არსობრივად, წინა შეკითხვიდან გამომდინარეობს, მაგრამ მასში რევიზიას ექვემდებარება თქვენ მიერ წინა კითხვაში გამოთქმული ჰიპოთეზა იმის თაობაზე, რომ რუსეთი დაინტერესებულია არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით (ერგო – არ სურს ვინმეზე „ზეწოლა“). ახლა კი, მორიგი შეკითხვის დასმისას, უკვე უშვებთ აზრს, რომ რუსეთს არ შეუძლია („პასიური“ საფრანგეთისა და აშშ-ს მსგავსად) მხარეებზე ზეწოლა (განსხვავება „არ სურს“ და „არ შეუძლია“-ს შორის კი ძალზე დიდია!).

მიზეზები, რომელთა გამოც რუსეთს „არ შეუძლია“, როგორც მივხვდი, ახლა არ გაინტერესებთ და თქვენი შეკითხვის არსია „რუსეთის, როგორც მთავარი შუამავლის შეცვლა, რაკიღა ის ვერ გაუმკლავდა ნაკისრ ვალდებულებებს“.

გიპასუხებთ: არ მიმაჩნია, რომ შუამავალთა შეცვლაა საჭირო, მაგრამ რაკიღა აზრად მოგივიდათ – კეთილი, მოდი, ჰიპოთეტურად შევცვალოთ ისინი! მაშ ასე: რაკიღა „მინსკის ჯგუფს „არ შეუძლია“, მაშინ „პოტენციური“ შუამავალი უნდა მოვძებნოთ. განსაკუთრებული არჩევანი მხარეებს არც გააჩნიათ – მსოფლიო მოთამაშეების (რფ, აშშ, ევროპა) უგულებელყოფისას შუამავლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ისეთი დიდი რეგიონული მოთამაშე, როგორიც თურქეთია, რაც, სხვათა შორის, შეესატყვისება აზერბაიჯანული მხარის დიდიხნისწინანდელ დაუფარავ სურვილს. ეს თურქეთსაც სურს. უფრო მეტიც – არცთუ დიდი ხნის წინათ მას მართლაც შეეძლო შუამავლად ქცეულიყო, მაგრამ ამას ხელი შეუშალა... აზერბაიჯანმა!

განვმარტავ: ორ მხარეს შორის შუამავლობის გასაწევად საჭიროა, სულ მცირე, ორივესთან დიპლომატიური ურთიერთობების ქონა. და აი, როცა ამერიკის დიდი ძალისხმევის შემდეგ (ამის დავიწყება უსამართლობა იქნებოდა!) – მოჯადოებულ სამკუთხედში – „თურქეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ქროლვისა და მთელი ამ „საფეხბურთო“ დიპლომატიის შედეგად – ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის რატიფიკაციის შემდგომაც დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთსა და სომხეთს შორის, თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა, ხელმომწერ ქვეყანათა ეკონომიკური თანამშრომლობა რეალობად იქცეოდა და თურქეთი ავტომატურად ხდებოდა მთავარი შუამავალი კონფლიქტში, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტაზე ეს პროცესი „მიაბა“, ანუ – „დიპურთიერთობები ან ჩემს გვამზე გადავლით, ან ყარაბაღის საკითხის გადაჭრით“!

ვაზუსტებ: აზერბაიჯანს, ერთი მხრივ, სურს თურქეთის შუამავლად ხილვა, მაგრამ ეწინააღმდეგება თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რის გარეშეც მისი შუამავლობა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შეუძლებელია. „ჯერ გაიყვანეთ სომხეთის ჯარები ყარაბაღიდან, შემდეგ აღვადგინოთ დიპურთიერთობები!“ასეთია აზერბაიჯანის მხარის პოზიცია. ნება მიბოძეთ, ვიკითხო: თუ ყარაბაღის საკითხი გადაიჭრება, რაღა საჭირო იქნება შუამავლები?! თუკი სომხეთი და აზერბაიჯანი განხეთქილების ერთადერთ საკითხზე შეთანხმდებიან (სომხების გენოციდის აღიარება განხეთქილების საგანს არ წარმოადგენს), შუამავალი რაღაში სჭირდებათ?!

და აი, თურქეთის მეჯლისმა აზერბაიჯანის მილიმეჯლისს თანადგომა გამოუცხადა და ეს „მიბმა“ გააკეთა, რის შედეგადაც კონსტრუქციული პროცესის ნაცვლად (საზღვრის, სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა, სომხეთსა და თურქეთს შორის ბიზნესსაქმიანობის გაჩაღება), აშშ-ის ძალისხმევა წყალში ჩაიყარა და თურქეთმა შუამავლობის კანდიდატად ყოფნა შეწყვიტა...

სწორად გამიგეთ – არც ერთი ევროპელი ან ამერიკელი, როგორი კარგიც უნდა იყოს და როგორადაც უნდა სურდეს ჩვენი დახმარება, ჩვენზე, კავკასიელებზე, უკეთ არ იცნობს აღმოსავლეთს: მწარე ქართული გამოცდილებით ვიცით, რომ კონფლიქტური სიტუაციიდან თავის დასაღწევად მთავარია არა ამბიციები, რომლებიც კავკასიელებს უხვად გვაქვს, არამედ ურთიერთობის პროცესი! „მდინარეს ვერ გადალახავ, თუ შიგ არ შეხვედი!“ – ჰოდა, ურთიერთობის პროცესი, რომელიც შეიძლებოდა დაწყებულიყო, მაგრამ არ დაიწყო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სწორედ იმ „მდინარეში შესვლა“ იყო...

– რატომ მარტო თურქეთი? განა საქართველოს – სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკიდან ერთს – არ შეუძლია ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში მთავარი შუამავალი გახდეს?

– წინა კითხვის პასუხში, მწარე ქართული გამოცდილების ხსენებისას, მე, პრაქტიკულად, უკვე ვუპასუხე თქვენს ახალ შეკითხვას: საქართველო ვერც მთავარი და ვერც ვერანაირი შუამავალი ვერ გახდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, რადგან დღეს თვითონ, ერთი კი არა, ორი ასეთი კონფლიქტი აქვს! თუმცა სავსებით შეუძლია შუამავლობის გაწევა მას შემდეგ, რაც თავის ტერიტორიულ თუ სხვა პრობლემებს გადაჭრის, რითაც დაამტკიცებს, რომ შუამავლის როლისთვის გამოდგება.

დიახ, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც, დიახ, საქართველო მრავალეროვნული ქვეყანაა,სადაც მოსახლეობის ერთ მეოთხედს ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ, მაგრამ საქართველოს არ შესწევს ძალა და უნარი, საკუთარი კონფლიქტები გადაწყვიტოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მაშ, როგორღა იქნება გარანტორი ან მედიატორი/მოდერატორი სხვის, თუნდაც, მეზობლების კონფლიქტში?! არა, ჩვენი გამოცდილება მათთვის მაგალითი არ არის, უფრო სწორად – უარყოფითი მაგალითია...

და კიდევ: საქართველოს არათუ დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთ თანათავმჯდომარესთან – რუსეთთან, არამედ, ამავე დროს, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, რფ-თან ომის მდგომარეობაში იმყოფება! მინსკის ფორმატზე კი ჯერ არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს უარი არ უთქვამთ... ამიტომ პრინციპი მარტივია: ვინც იცის და შეუძლია, თვითონ აკეთებს; ვინც იცის, მაგრამ უნარი არ შესწევს, სხვებს ასწავლის; ხოლო ვინც არ იცის და არც უნარი შესწევს, ასწავლის, როგორ ასწავლონ.

– რამდენად სავარაუდოა დღეს ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის საომარი სცენარი, ბატონო არნო?

– სავსებით სავარაუდოა, თანაც, ნებისმიერ დროს. აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა – ჰეიდარ და ილჰამ ალიევებმა ბევრჯერ შეაკავეს სიტუაცია ახალი ომის მიჯნაზე გამუდმებით მზარდი რადიკალური ოპოზიციისა (გენერლებისა და პოლიტიკოსების ტანდემი) და სამხედრო გადატრიალებათა მცდელობების დათრგუნვით, თუმცა ეს წლიდან წლამდე უფრო ძნელია. მითუფრო, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძლიერება მრავალგზის გაიზარდა. თუმცა ყარაბაღის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის სამხედრო რესურსი ახლაც არ აქვს.

ჯერ ერთი: სომხეთი მთელი ამ 20 წლის განმავლობაში „გულხელდაკრეფილი“ არ მჯდარა და თვითონაც გაზარდა თავისი სავსებით ბრძოლისუნარიანი არმიის რიცხოვნობა, განსაკუთრებით კი – ყარაბაღის, რომლის ბრძოლისუნარიანობას ბაქოც კი არ უარყოფს;

მეორეც: არ უნდა დავივიწყოთ სომხეთის საზღვარგარეთული დიასპორაც – მოხალისეთა 5 თუ 6 ბატალიონი, კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, რეალურად შეიძლება ჩამოვიდეს აშშ-დან (ინტერნეტში მოხალისეთა რიცხოვნობის 250.000-იან მაჩვენებელსაც შეხვდებით!), ბევრი მზადაა, სერბეთიდანაც ჩამოვიდეს;

მესამეც: თუ ჰაერში უპირატესობას არ ფლობ, ომს ვერ მოიგებ. აზერბაიჯანს საფრონტო ავიაცია ჰყავს, ანუ უპირატესობა აქვს ჰაერში, თუმცა სომხეთი, რომელსაც არ ძალუძს, ჰაერში აზერბაიჯანის ბატონობას სიმეტრიულად უპასუხოს, პასუხობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მაქსიმალური ზრდით;

მეოთხეც: მთიანი ლანდშაფტის ფაქტორი – დაბლობზე ახალშეძენილი ტექნიკა წინ წავა, მაგრამ როგორც კი მთებს მიადგება, აზერბაიჯანის არმია სირთულეებს წააწყდება. შედეგად – უმიზნო დაუსრულებელი დაბომბვები, ორივე მხარეს კუბოები, არც გამარჯვება – არც დამარცხება... და იქ „გამშველებლადაც“ არავინ შევა – არც რუსეთი და, მეტადრე, არც აშშ, რომელიც ერაყისა და ავღანეთის შემდეგ ლიბიაში შესვლასაც ჯერ ვერ ბედავს, მიუხედავად ლიბიის არმიის სრული ბრძოლისუუნარობისა (როგორ სასაცილოდ ეპყრობიან ლიბიელები იარაღს, ამ დღეებში ტელევიზიით ვიხილეთ!).

მეხუთეც: გაზისა და ნავთობსადენები, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით მიემართება. რუკაზე დახედვისას ხედავ, რომ ბაქოდან თბილისამდე ისინი პარალელურად და თითქმის გვერდიგვერდ გადის და საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. აშკარაა, რომ უგაზოდ დარჩენილი საქართველო, სხვადასხვა გზით (ლოგისტიკური დერეფნის გახსნითაც კი) კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდება.

შემიძლია ამ სამწუხარო სურათის ხატვა განვაგრძო, მაგრამ ბატალისტი არ ვარ, პუბლიცისტი და ჟურნალისტი ვარ, ამიტომ დავასრულებ და კონსტატაციას მოვახდენ – დიახ, საბრძოლო მოქმედებები სავსებით სავარაუდოა, რაც მორიგი სისხლისღვრის შეწყვეტის შემდეგ კიდევ 20-წლიან „პაუზას“ გამოიწვევს.

– უნდა ველოდოთ თუ არა მოლაპარაკებათა პროცესში რაიმე ძვრებს უახლოეს ხანში?

– დიახ, ძვრები იქნება, თანაც, მუდმივად, თუმცა, როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისშივე ვთქვი, განსაკუთრებულ ძვრებს, მითუფრო აშკარა ცვლილებებს მოლაპარაკებათა პროცესში, არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება უახლოეს მომავალს – ვფქირობ, ჯერჯერობით იგივე სტატუს-კვო შენარჩუნდება,რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში: არც მშვიდობა, და არც ომი.

– რამდენად სავარაუდოა, რომ მოვლენები, რომლებსაც დღეს თვალყურს ვადევნებთ აღმოსავლეთის ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს – არასტაბილური პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური სიტუაციების მქონე ქვეყნებსაც – გადაედოს?

რაც შეეხება მართლმადიდებლურ სომხეთს, რომელიც გეოპოლიტიკურ ჩიხშია, არ მგონია, ეს მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, სავარაუდო იყოს, პირდაპირ ზეგავლენას ხომ ადგილი არ აქვს, თანაც, იქ რუსეთის სამხედრო ბაზაა... სომხეთში არსებული სიტუაციაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დიდად არ განსხვავდება კავკასიის ორ დანარჩენ ქვეყანაში არსებული ვითარებისგან. შესაძლოა, აზერბაიჯანში, სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ის ოდნავ უკეთესი იყოს.

სხვა საკითხია ცვლილებები მსოფლიოში, როცა ძველი მენტალიტეტი წარსულს ჩაბარდება და ახალი წესრიგი დამყარდება. აი, ამასთან დაკავშირებით საპროტესტო მიტინგები ერევანში, იქ დარჩენილი ერთადერთი ოპოზიციური ლიდერის – ექს-პრეზდიენტ-დისიდენტის – ლევონ ტერ-პეტროსიანის ხელმძღვანელობით, სავსებით შესაძლებელი და სავარაუდოა, თუმცა ისინი მცირერიცხოვანი (10-დან 30 ათასამდე), ხანმოკლე (ერთი-ორი დღე) და, მთლიანობაში, უშედეგო იქნება.

რაც შეეხება მოვლენების გავრცელებას ისლამური აღმოსავლეთიდან ისლამურ აზერბაიჯანში, ამ ბოლო დღეებში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების გათვალისწინებით, სერიოზულად დასაფიქრებელია... თუმცა ეს ცალკე და საფუძვლიანი საუბრის თემაა.

– გმადლობთ!

ესაუბრა ლევან სულაშვილი