რედაქტორისგან
სააკაშვილი უკრაინაში ტრანზიტული მგზავრია, მომავალ წელს მას საქართველოში დაბრუნება აქვს განზრახული - არნო ხიდირბეგიშვილი

     ქვემოთ მოტანილი სცენარის შესრულების ალბათობა - სრულად ან ნაწილობრივ - არც ისე მცირეა, ამაზე სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი მოწმობს...

   ძალიან ცდება გულუბრყვილო ობივატელი, ვისაც ჰგონია, რომ მიშას საქართველოში დაბრუნება, უკრაინის მსგავსად, „ხავერდოვანი“ იქნება! სააკაშვილის მესიჯები - მე უკრაინაში არ დავბრუნებულვარ პოროშენკოზე ან ვინმეზე შურის საძიებლად, შურისძიება ჩემი სტილი არ არისო! - განკუთვნილია არა იმდენად კიევისთვის, სადაც ის ისედაც ვერავიზე იძიებს შურს, რამდენადაც საქართველოს მიამიტი მოქალაქეების დასაწყნარებლად - მოსატყუებლად, რაც გამოსდის კიდევაც.    

    
„კაცმა ორჯერ (პირველად - სანდრას პირით, წინა არჩევნების დროს, როდესაც მას „თვალებში შეხედა“) პირობა დადო, რომ ცოცხებს აღარ შეგვითხრის, სამაგიეროდ, დოლარი და ბენზინი ისევ 1,75 ლარი გახდება, ტექდათვალიერება ისევ გაუქმდება ორჯერ მომატებულ აქციზებთან ერთად, რის გამოც მანქანების განბაჟება, სიგარეტი და პური ისევ გაიაფდება!“ - ასე ფიქრობს ბევრჯერ მოტყუებული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და მისი გადარწმუნება ძალიან ძნელი იქნება, როცა საქართველოში ამდენი ბავშვი შიმშილობს და წამლებს ცეცხლის ფასი უკიდია!

     გამოსავალი ერთია - ზედმეტ, სხვა დროს სრულიად მისაღებ, გრძელვადიან პროექტებზე უარის თქმა და ერთადერთ პრიორიტეტად მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების გამოცხადება. ამაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა იხარჯებოდეს ხაზინიდან თითოეული თეთრი და ამიტომ მთელი ეკონომიკური სექტორი და სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტები საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდნენ.

   თუ დღევანდელი მთავრობა ამ ნაბიჯებს არ გადადგამს, მოვლენები შემდეგნაირად შეიძლება განვითარდეს: სააკაშვილს კარგად ესმის, რომ უკრაინაში ის - ტრანზიტული მგზავრია, რა თანამდებობაზეც უნდა დანიშნონ, დიდხანს ვერ გააჩერებენ და თუ ისევ სპექტაკლების მოწყობა დაიწყო, მისი ექსტრადირება საქართველოში გარდაუვალია! (სპექტაკლების დადგმა პროფესიონალმა მსახიობმა ზელენსკიმ სააკაშვილზე ბევრად უკეთესად იცის და ამით უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვერ მოატყუებს!). ამიტომ სააკაშვილმა, შესაძლოა, მოვლენებს დაასწროს და თვითონ, როგორც უკრაინის მოქალაქემ, კანონიერად გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი, სადაც მას კანონიერად დააკავებენ და იზოლატორში მიაცილებენ. სპექტაკლი ზუსტად აქედან იწყება!

   მოხდება შეტაკება შსს-ს შესაბამის სტრუქტურასა და სააკაშვილის მობილიზებულ მომხრეებს შორის, რომლებიც მის გასათავისუფლებლად მივლენ. მიშას ჩანაფიქრით, ეს თბილისში და სამეგრელოში ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში უნდა გადაიზარდოს, რომლის დროს სისხლი დაიღვრება, რაც 2017 წელს გვარამიამ და დანარჩენებმა „რუსთავი 2“-ის შენობასთან ვერ შეძლეს! სცენარის მიხედვით, რომლის ქსეროასლები დიდი ხანია, გავრცელებულია ნაცსექტის წევრებს შორის, პროვოცირებული არეულობის დროს ახალგაზრდა ორსული ქალი იღუპება, ან ნაცების რომელიმე „სახე“. და თუ მორიგი სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობა ჩანასახშივე ვერ მოხერხდება, მერე გვიან იქნება - საიდუმლო არ არის, რომ ნაცები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან - სააკაშვილი მათ დამსახურებას არ დაივიწყებს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ ყველა მონაწილე კარგად დაასაქმა!
  
     ამას დაემატება ღალატი - საქართველოსთვის ტრადიციულად დამაქცევარი ფაქტორი ყველა კატაკლიზმის დროს. შეხედეთ ქართულ პოლიტისტებლიშმენტს - როგორ ამზადებენ დღეს მიშასთან მისასვლელ გზებს მისი გუშინდელი დაუნდობელი მტრებიც კი! „გამოჩენილ პოლიტიკოსად“ აღიარებენ და მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას მიესალმებიან, რომელიც, თურმე, მას „არაკანონიერად, პოლიტიკური შეხედულებების გამო“ წაართვეს! ანუ პატარა უპერსპექტივო პარტიების ლიდერები გეგმავენ სააკაშვილის „წყალქვეშა ნავის“ გამოყენებას, სანამ მას მიწებებულნი პოლიტიკური ფსკერიდან, სადაც ახლა იმყოფებიან, ზედაპირზე არ ამოყვინთავენ! ეს მეთოდი გამოიყენა ჟვანიამ, მაგრამ მისი „გაერთიანებული დემოკრატები“ და თვითონაც „კესონის ავადმყოფობით“ მალევე გარდაიცვალნენ...
  
   არანაკლებ საინტერესოა პარლამენტის სხდომების ყურება, როცა უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერები ერთმანეთს „ცივილიზებულად და საქმიანად ეკამათებიან“, როგორც აწყობილი ევროპული ქვეყნის თანაბარუფლებიანი პარლამენტარები!

     რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს და თავდაცვის სამინისტროს, ჯარშიც და პოლიციაშიც ბევრი მოქმედი თანამშრომელი გულში სააკაშვილის დროს მისტირის და მიშაზე მეტად მერაბიშვილის განთავისუფლებას ელის! დიახ, ვანო და დათაც ციხიდან ერთდროულად გამოვლენ - მათ მიშა გამოიყვანს, ამ უკანასკნელს კი მისი მომხრეები გაათავისუფლებენ, რომელთა რიცხვი საკმარისზე მეტი იქნება, რომ პოლიციამ მათ წინააღმდეგობა არ გაუწიოს („პანკისის სინდრომი“).

     რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს, მათი ნაწილი უწინდებურად, მაგრამ უკვე არალეგალურად ეწევა ოპერატიულ-ტექნიკურ საქმიანობას სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის და საქართველოში მისი დაბრუნების მიზნით. 2012 წლის არჩევნებამდე, როცანაცმოძრაობისფეხქვეშ მიწა იძრა, მათ წინდახედულად გაიტანეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მთელი ამერიკული და სხვა სპეცტექნიკა, რომლის დახმარებით მთელი ეს წლები სააკაშვილისთვის აგენტურულ ინფორმაციას აგროვებენ, აუდიომოსმენას და ვიდეოჩაწერას ახორციელებენ ფარულად დაყენებული კამერებიდან, კომპიუტერების გატეხვით, ვებგვერდების აინფიცირებით, ტროლინგით, ფეიკების ტირაჟირებით და მსგავსი ხაკერული დივერსიებით.

     ჩვეულებრივი მოქალაქეები კი ერთმანეთში მსჯელობენ: „ამ ოცნებისტებმა იმდენი ფული იშოვეს, ადგებიან და წავლენ ქვეყნიდან ცოტა ხნით მაინც! ვაი ჩვენ, რომ არაფერი გვეშველება და ნაცების საჯიჯგნად დაგვტოვებენ!“ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან მიღებული შემოწმებული ინფორმაციის მიხედვით, უკვე დიდი ხანია, მზად არის ოპონენტების სია, ვისი განეიტრალება უნდა მოხდეს პირველ რიგში და ვისი - მოგვიანებით. მოქალაქეები სულ სხვადასხვა კატეგორიისა არიან - ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიდან და ჟურნალისტებიდან არაფორმალურ ლიდერებამდე, რომლებიც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობენ გარშემო მყოფთა შორის.

   ეს აგრეთვე იქნება ბოლო ზარი სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში კომპაქტურად მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანლებისთვის - არიქა, აფსუა-ალანებისა არ იყოს, დროზე თავს ვუშველოთ, სანამ ქართველები ერთმანეთს ჭამენ და ჩვენთვის არ „სცხელათ“!

   “ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამერიკის ნებართვის გარეშე საქართველოში შუქნიშანსაც კი ვერ დგამენ - გასცემს კი ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის სანქციას?“ - იფიქრებს მკითხველი და სავსებით მართალი იქნება. დიახ, აშშ თავიდანვე სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების და მისი სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მომხრე იყო! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა აშშ აბსოლუტურად მართალია - თუ შენ არამზადა სააკაშვილის გეშინია, ესე იგი, მასზე უფრო სუსტი ხარ და ხელისუფლებაში არაფერი გესაქმება! მოქალაქეობა - კი, სააკაშვილმა თვითონ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, მართლაც, უმჯობესი იყო, არ აღეძრათ ეს სასაცილო საქმეები, მაშინ, როცა მისი მთავარი დანაშაულები, მათ შორის 08.08.08 ომი, უბრალოდ, დავიწყებულია! ამიტომაც თვლიან ვაშინგტონში, რომ „დემოკრატიის შუქურის“ - რეფორმატორ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა წვრილმანებისთვის შეცდომა იყო! ამიტომ აშშ-მა, შესაძლოა, სააკაშვილის დაბრუნებას ხელი არ შეუწყოს, მაგრამ არც დაბრკოლებებს შეუქმნის.

   თეთრ სახლს დღეს ნაკლებად აინტერესებს - ვინ იქნება საქართველოს სათავეში, ამერიკულ ინტერესებს აქ ისედაც არავინ და არაფერი ემუქრება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მეორე წელია, თბილისში ელჩის დანიშვნასაც არ ჩქარობს! მართალია, გაჟონა ინფორმაციამ, რომ ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურაზე ოფიციალურმა თბილისმა უარი თქვა, როგორც სააკაშვილის მოტრფიალე კარგ ნაცნობზე... ასე თუ ისე, სააკაშვილის მეგობრების ხელი უდავოდ ურევია კონგრესის ყველა იმ ანგარიშში, სადაც საქართველო უსამართლოდ არის გაკრიტიკებული. თუმცა, მაკკეინის და ლუგარის გარდაცვალების შემდეგ ისინი თითებზე დასათვლელები დარჩნენ, ხოლო დრო, როცა ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტები ოჯახებით მეგობრობდნენ, ბუშების და კლინტონების მერე სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდა.

     გაიხსენეთ - არც 2003 და არც 2012 წელს ვაშინგტონი „კარს“ ბოლომდე არ ხურავს და აძლევს მოვლენების განვითარების საშუალებას, რათა მომავალში, თუ ისინი კონტროლს აღარ დაექვემდებარა, აშშ-ს არაფერი დაბრალდეს. თუ 2003 წელს ქართველმა ხალხმა „რევოლუციონერებს“ წინააღმდეგობა არ გაუწია და აშშ-მა მისთვის სასურველი შედეგი მიიღო, 2012 წელს ამომრჩეველმა ვაშინგტონის გეგმებში კორექტივები შეიტანა და „ქართული ოცნება“ 45% მანდატების მქონე ოპოზიციური უმცირესობის მაგივრად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდა. ხოლო 2007 წელს, როცა პატარკაციშვილს - თვით რუპერტ მერდოკის მეგობარს! - ხალხის მხარდაჭერისა და მილიარდების მიუხედავად, საქმე გაუფუჭდა, ვაშინგტონში ხელები დაიბანეს და ბადრი, როგორც დიდი ინფორმაციის მატარებელი და წარუმატებელი პოლიტიკოსი, რომელმაც აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, სასიკვდილოდ გაწირეს...

   ასე მოხდება ახლაც - აშშ აღიარებს და მხარს დაუჭერს მხოლოდ ძლიერ ლიდერს, ვინც მეტი მხარდამჭერის მობილიზებას შეძლებს და ამომრჩევლის უმრავლესობის უპირობო მხარდაჭერას მოიპოვებს! რაც შეეხება ვადებს - ამ ხელისუფლების პირობებში სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების უკანასკნელი შანსი არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდი, როცა ის მომხრეების ქუჩებში გაყვანას შეეცდება „გაყალბებულ არჩევნებში ამომრჩევლის ხმების დასაცავად“. იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ იმ არჩევნებს მოიგებს.

საქინფორმის
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 10 ივნისი
საქართველო, თბილისი