პუბლიკაციები
გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ამერიკამ დაბლოკა - საქინფორმი მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. პატივცემულო რედაქცია! რატომ მიჩუმდა ამ ბოლო დროს ლაპარაკი ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ? იქნებ ეს პანკისის ამასწინანდელ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც შსს-ს სპეცრაზმს ქვები დაუნიშნეს და პოლიციელებისთვის ტრავმების მიყენებაში დამნაშავეები ჯერაც არ დაუსჯიათ?

საქინფორმი: არა, პანკისის მოვლენები აქ არაფერ შუაშია. გახარიას კანდიდატურა მართლაც განიხილებოდა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე, მაგრამ დაახლოებით ორი თვის წინ ის გამოგონილი მიზეზით დაბლოკა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - აქაოდა, გიორგი გახარია რუსეთში სწავლობდა და მუშაობდაო! თუმცა ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზია, რადგან მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც, ისევე, როგორც გახარიამ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და სამეცნიერო ხარისხიც კი მოსკოვში მიიღო.

   სინამდვილეში გიორგი გახარია, რუსეთში ცხოვრების დროსაც კი, ყოველთვის გამოირჩეოდა პროევროპული შეხედულებებით, რომლებიც საქართველოში დაბრუნების და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ მხოლოდ გაძლიერდა - ამას ყველა დაადასტურებს, ვინც მას ახლოს იცნობს.

   როგორც ჩანს, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანტიევროპულ პოლიტიკას უკავშირდება, რაც დიდ ბრიტანეთში მისმა ვიზიტმა დაადასტურა - აი, სწორად იქცევით, ევროკავშირიდან რომ გამოდიხართო. ბრექსიტისთვის კომპენსაციის სახით აშშ-ის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს უზარმაზარ მხარდაჭერას დაჰპირდა - ურჩი ევროპის ჯიბრზე, რომელიც, მისი არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ნატოსთვისაც არასაკმარისს იხდის და რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმაც არ სურს.

   გიორგი გახარია კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მსხვილ ევროპულ ბიზნესსტრუქტურებში მუშაობდა, ჯერ SFK Group-ის გენერალურ დირექტორად, შემდეგ კი - Lufthansa Service Holding AG-ში ბიზნესის განვითარების დირექტორად აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთში. გახარიას ბიოგრაფიის ეს „ევროპული“ ეპიზოდი, რომელიც დღეს მის თავბრუდამხვევ კარიერაში დაბრკოლებად იქცა, თბილისში მის დაბრუნებამდე გაგრძელდა.

   ამიტომ ამჟამად პრემიერის თანამდებობაზე ერთი რეალური კანდიდატურა რჩება - დედაქალაქის მერის კახი კალაძის, მაგრამ ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება, რომელზეც პასუხისმგებლობა, როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, მნიშვნელოვანწილად მას ეკისრება, კერძოდ - კალაძე მთლიანად აგებს პასუხს თბილისზე. ასე რომ, კალაძის დანიშვნა პირდაპირ არის დამოკიდებული მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.

     არჩევნებამდე შეინარჩუნებს თანამდებობას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

   რაც შეეხება თავად არჩევნებს, მისი თარიღი, შესაძლოა, შემოდგომიდან გაზაფხულზე ან ზაფხულში გადაიტანონ, რადგან დრო მმართველი პარტიის წინააღმდეგ მუშაობს, თუმცა „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს.