საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. საგარეო უწყება მუდმივ რეჟიმში და აქტიურად მუშაობს, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიმართულებით არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდიევროპული-საქართველოს იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღება უნდა მოხდეს.

ამ საკითხზე განმარტებები მაღალ დონეზე, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთდა. ჩვენი უწყების კომპეტენციიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ საგარეო უწყება მუდმივ რეჟიმში და აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა.

ამ საკითხზე ევროპარლამენტის დადგენილება იყო. სხვადასხვა ქვეყნებმა შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოების დონეზე მიიღეს. მაგალითად ირლანდიის და კანადის საკანონმდებლო ორგანოებმა. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გახსოვთ. ვიცით, რომ ლიეტუვამ ფაქტობრივად სრულად გაიზიარა აღნიშნული სია და შეზღუდვები შემოიღო. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული სტრატეგია გვაქვს დასახული და მუშაობას სხვა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნაა, დადგენილებაში დაფიქსირდეს პარლამენტის შეშფოთება მთავრობის არაჯეროვანი მუშაობის გამო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გარშემო და მოუწოდოს მას, რათა გაააქტიუროს ღონისძიებები პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის აღსრულების მიზნით.