პოლიტიკა
ანზორ ბიწაძე: მაქსიმუმს გავაკეთებ პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, დღეს დადგა დრო, როდესაც ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. დღეს ჩვენს საზოგადოებას სჭირდება გაერთიანება, კონსოლიდაცია, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, – ეს განცხადება ერთიანი საქართველოდემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ პარტიის რიგგარეშე ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ნინო ბურჯანაძის უფროსი ვაჟი ანზორ ბიწაძე ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს წევრად არჩიეს. როგორც ანზორ ბიწაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ამიერიდან პოლიტიკაში უფრო აქტიურად იმუშავებს.

მაქსიმუმს გავაკეთებ პარტიულ ცხოვრებაშიც, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. დღეს დადგა დრო, როდესაც ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია. დღეს უნდა გავამხნევოთ ჩვენი მხარდამჭერები. გამარჯვება დაიწყო დღეს“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, განახლებულ პოლიტსაბჭოში ბევრი ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი კადრი მოხვდა.

ამ ახალგაზრდების ენერგიითა და პარტიის სხვა უფრო გამოცდილი წევრების მეშვეობით უნდა შეიქმნას ის ენერგია, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს 2020 წლის არჩევნებამდე პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა დაინახავს ხელისუფლების ალტერნატივად, - აღნიშნა ბიწაძემ.