საზოგადოება
ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებს - პროკურატურა

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. მოქალაქეობის დაკარგვის ან აღდგენის ფაქტი სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირში არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს, – ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

როგორც კოკა კაციტაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას აქვს დაწყებული და ეს სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა.

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირში არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება!

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ის მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე მსჯავრდებულია პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე. პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ყველა დამნაშავის ექსტრადირების საკითხზე მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე დაუსვეს.

მისი თქმით, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ვერ დაგეთანხმებით, რამდენჯერაც გაიგზავნა ექსტრადირების მოთხოვნა, იმდენჯერ უარი არ ყოფილა. საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს ყველა დამნაშავესთან მიმართებაში, აღნიშნული საექსტრადიციო პროცედურები გაგრძელდება და დამნაშავე, რომელიც მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, ბუნებრივია, პასუხს აგებს“, – განუცხადა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს.

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ საქართველომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს.

მიმდინარე წლის 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში 29 მაისს ჩავიდა.