უცხოეთი
რობერტ მიულერმა, რომელიც ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა, თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა, თანამდებობიდან გადადგა.

მან პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა. რობერტ მიულერის თქმით, მისი გუნდი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას არც განიხილავდა, ვინაიდან ეს არაკონსტიტუციური იქნებოდა. პროკურორი აღნიშნავს, რომ უსამართლობა იქნებოდა, კრიმინალის ჩადენაში პოტენციურად დაედანაშაულებინათ ადამიანი, რომელიც სასამართლოს წინაშე ვერ წარდგებოდა და თავის დაცვას ვერ შეძლებდა.

ყოფილი სპეციალური პროკურორის თქმით, ის ტოვებს იუსტიციის დეპარტამენტს, ვინაიდან გამოძიება დასრულდა. რაც შეეხება თავად გამოძიებას. რობერტ მიულერის თქმით, რუსეთი შეეცადა ჩარეულიყო აშშ-ის არჩევნებში, რაც მისი შეფასებით, ყველა ამერიკელს უნდა აშფოთებდეს.

„რუსეთის დაზვერვის ოფიცრებმა, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი არიან, განახორციელეს გამიზნული თავდასხმა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაზე“, – განაცხადა მიულერმა.

მისივე თქმით, მისი გუნდი მკაფიოდ დარწმუნებული რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტის უდანაშაულობაში, ამას დადასტურებულად იტყოდნენ, თუმცა არც ის უთქვამთ, რომ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა.

1tv.ge