უცხოეთი
რომის პაპი - დონალდ ტრამპის გეგმა მექსიკასთან კედლის აშენებასთან დაკავშირებით, არის შეცდომა

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. რომის პაპის თქმით, დონალდ ტრამპის გეგმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენებასთან დაკავშირებით, არის შეცდომა. ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ მექსიკის ტელეარხ „ტელევისასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ ყველაფერს პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში ეტყვის.

„არ ვიცი, რა ხდება კედლების აშენებით ტერიტორიების დაცვის ახალ კულტურასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე გვქონდა მსგავსი კედელი ბერლინში, რამაც საზოგადოებას მხოლოდ თავის ტკივილი და ტანჯვა მოუტანა. ბავშვების ოჯახებისგან განცალკევება ბუნების კანონს ეწინააღმდეგება. ეს ბოროტებაა. აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, ვინც კედლებს აშენებს, საბოლოოდ საკუთარი ნამოქმედარის ტყვე თავადვე ხდება“, – განაცხადა პონტიფიკოსმა ინტერვიუს დროს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე კედლის აშენება ქვეყანაში ნარკოტიკების და კრიმინალის შემცირებას ისახავს მიზნად.

დონალდ ტრამპი რომის პაპს ვატიკანში 2017 წელს შეხვდა.

1tv.ge