აქტუალური
3-დან 7 ივნისამდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 3 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

„დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.