უცხოეთი
ნატო კოსოვოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ნატო კოსოვოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც კოსოვოში დისლოცირებული ნატოს მისიის განცხადებაშია აღნიშნული, კოსოვოს პოლიციის ქმედებები სერბი მოსახლეობის წინააღმდეგ არაა მიმართული.

„კოსოვოში მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელიც პრიშტინას სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო, კორუფციული საქმის გამოძიებას ეხება. ნატო-ს მისია კოსოვოში ადასტურებს, რომ ოპერაციას ატარებს მხოლოდ კოსოვოს პოლიცია. უსაფრთხოების სამსახური ან სამხედრო დანაყოფი კოსოვოს ჩრდილოეთში არ იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოსოვოს მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და დიალოგი დაიწყონ.

„ნატო-ს მისია სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს და მზადაა ჩართვისთვის, რათა დაიცვას უსაფრთხოება, გაეროს შესაბამისი რეზოლუციით მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ვითარება დაძაბულია. სერბეთის მთავრობის ინფორმაციით, კოსოვოს პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მათ შორის არის რუსეთის მოქალაქე, რომელიც გაეროს მისიაში მსახურობს. სპეცოპერაციისას დაიჭრა ორი სერბი.

1tv.ge