უცხოეთი
ხალაფ ხალაფოვი - ქართველი მომლოცველების გადასვლა „ქეშიქჩიდაღის“ ტერიტორიაზე ყოველთვის ხორციელდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლით

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ქართველი მომლოცველების გადასვლა „ქეშიქჩიდაღის“ (დავით გარეჯის) ტერიტორიაზე ყოველთვის ხორციელდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა. საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას აზერბაიჯანული სააგენტო „ონა.აზი“ ავრცელებს.

„საერთაშორისო სამართლის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკა და საქართველო ავტომატურად გახდნენ მათ შორის არსებული საზღვრების სამართალმემკვიდრეები. შემდგომ, ეს საზღვრები გახდა სახელმწიფო და ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების კონტროლს დაექვემდებარა“, – აღნიშნა ხალაფოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ქეშიქჩიდაღის“ მონაკვეთზე ყოველთვის არსებობდა საზღვარი.

„ფაქტია, რომ ის დაცული იყო და დაცულია ჩვენი და ქართული მხრიდან სასაზღვრო სამსახურების მიერ. ქართული მხარის მოთხოვნით და ურთიერთშეთანხმებით, „ქეშიქჩიდაღის“ ნაკრძალ ტერიტორიაზე გამოქვაბულებთან გადასვლა ქართველი მომლოცველების მიერ ხორციელდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლით. ეს ხდება დღესაც. რაც შეეხება თავის ტერიტორიაზე სამეურნეო ან სხვა სახის სამუშაოების ჩატარებას, ეს ყველა მხარის სუვერენული უფლებაა“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა.

1tv.ge