პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში ამერიკული ბაზების გახსნას მიესალმება!

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის წინ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ ჰგონია, რეკომენდებული იყოს საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა. თავდაცვის მინისტრმა გამოცემასთან საუბრისას პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ის პერსპექტივაში ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება.

ლევან იზორიამ ამერიკაში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველო-ამერიკას შორის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დასრულდა. ვიზიტის ბოლო დღეს თავდაცვის მინისტრი ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

წელს სამხედრო აკადემია ორმა ქართველმა კადეტმა დაამთავრა. მათ დიპლომები ამერიკის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გადასცეს.

მანამდე თავდაცვის მინისტრმა აკადემიის ეზოში ორი ქართველი კადეტის მემორიალი გვირგვინით შეამკო. სანაპირო დაცვის აკადემიის კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპნენ.