აქტუალური
შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება - ლევან იზორია

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ჯონ რუდს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა.

საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მრავალეროვნული სწავლებების ფორმატისა და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაც განიხილეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისთვის და ნატოს სტანდარტის შესაბამისად შეიარაღებისთვის მხარდაჭერისა და თანადგომის გაგრძელების აუცილებლობის საკითხებიც განიხილეს, სადაც, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.