აქტუალური
NDI: 77% - მისაღებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, 23% - თანახმა არ არის - არ იცის

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის 77 პროცენტისთვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანება, რომელთაგან 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები.

ხვალ რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ტარდებოდეს, 68 პროცენტი ხმას მისცემდა გაწევრიანებას, ხოლო 14 პროცენტი წინააღმდეგი იქნებოდა.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები თავის გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზებით ხსნიან: ეს ეკონომიკურ ზრდას, უსაფრთხოებას და სამუშაო ადგილებს მოიტანს.

„13 პროცენტი, ვისთვისაც მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება, მთავარ მიზეზად რუსეთთან კონფლიქტს (39 პროცენტი), რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილსა (31 პროცენტი) და იმას ასახელებს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურას (19 პროცენტი).

საგულისხმოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მათი პოზიციების მიუხედავად, მოსახლეობის 41 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ღირებულებებს. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საზოგადოების ბევრი ჯგუფი ნახავს სარგებელს, მათ შორის: ფერმერები, სტუდენტები, უმუშევრები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები.

გარდა ამისა, მათივე აზრით, გაწევრიანების შემთხვევაში, სხვა საკითხებთან ერთად, განათლების ხარისხი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და საქართველოს უსაფრთხოებაც გაუმჯობესდება“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 74 პროცენტი უჭერს მხარს. მოქალაქეების 55 პროცენტისთვის ეს სრულად არის მისაღები.

ამავდროულად, სომხური დასახლებების მოსახლეობის ნახევრისთვის ნატოში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 28 პროცენტისთვის მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მხარდაჭერა აზერბაიჯანულ დასახლებებშიც დაბალია, იქ ეს არა მხარდაჭერის ნაკლებობით, არამედ მაღალიარ ვიციპასუხით (41 პროცენტი) არის განპირობებულია.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველაზე მეტად ნატოსა (28 პროცენტი) და ევროკავშირში (11 პროცენტი) გაწევრიანება, ძლიერი ლიდერის ყოლა (რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას) (11 პროცენტი) და საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება (9 პროცენტი) დაეხმარება“, - აღნიშნულია კვლევაში.

აღნიშნული კვლევა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3 პროცენტი.