მთავრობა რეგიონებში ჰიბრიდულ სიმინდს რეკლამას უწევს, თუმცა იმაზე ნაკლებად ფიქრობს, რომ მეურნეობის განვითარებისთვის მხოლოდ თესლი არ არის საკმარისი. საგაზაფხულო სამუშაოები იწყება, რეგიონის მოსახლეობა კი მიწების დამუშავებას ვერ ახერხებს და ასეთ პირობებში სიმინდის თესლი მათთვის არაფერს ნიშნავს. გლეხებს საწვავის შეძენის საშუალება არ აქვთ.
დარგის სპეციალისტების განცხადებით, თუ მთავრობამ საწვავის გარკვეული რაოდენობის სუბსიდირება არ მოახდინა და სოფლის მოსახლეობა იაფფასიანი საწვავით არ უზრუნველყო, საქართველოს აგრარულ ქვეყნად გადაქცევაზე ლაპარაკი საქმედ ვერ იქცევა. სპეციალისტების ინფორმაციით, წლების წინათ საქართველოში 803 ათასი ჰექტარი მიწა მუშავდებოდა. შარშან ამ მაჩვენებელმა 275 ათასი ჰექტარი შეადგინა, ანუ 528 ათასი ჰექტარი დაუმუშავებელი დარჩა. ამის უმთავრესი მიზეზი გაძვირებული საწვავი და მინერალური სასუქებია. მიმდინარე წელს კი ამას ემატება მიწის გაზრდილი გადასახადიც. ამ ფონზე საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივა უფრო და უფრო მცირდება, – განუცხადა საქინფორმს სოფლის მეურნეობის ექსპერტმა პაატა კოღუაშვილმა.