უცხოეთი
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ჩვენც ამ პრინციპის ერთგულნი ვართ

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. დაუშვებელია მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ღირებულებებისგან გადახვევა, რაზეც არის დაფუძნებული საეთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ბუნებრივია, საქართველო ერთგულია ამ პრინციპების და ჩვენი პოზიცია იქნება სწორედ ამ პრინციპების შესაბამისი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ის ვითარება, რომელიც შექმნილია დღეს მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, დიდ წილად არის განპირობებული იმით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო დღის წესრიგს თავდაყირა აყენებს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ბუნებრივია, ჩვენც ამ პრინციპის ერთგული ვართ“,-განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს დელეგაცია საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა 129-ე სესიაში მონაწილეობს.

interpressnews.ge​