საზოგადოება
მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე, ჩვენი მოქალაქეების 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ არჩევანს - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე პერიოდი იყო საოცარი მოგზაურობა ჩვენთვის, რომელსაც თან ახლდა დაბრკოლებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლისადმი მიძღვნილ პანელზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, წვლილი შეიტანოს ქვეყნის გარდაქმნაში და რა ძალა აქვს მას.

საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაცაა. საქართველოსთვის კი ევროკავშირთან დაახლოება მთავარი მისწრაფებაა. ყოველთვის ხაზს ვუსვამ ფაქტს, რომ ჩემი ერისთვის ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. ჩვენი წარსული და მომავალიც ევროპულია. ევროპული მისწრაფებისთვის ჩვენ ძალიან დიდი საფასურის გადახდა გვიწევს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური საფასურის. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას და მუდმივად ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე. მიუხედვად ამისა, საქართველოს მოქალაქეების 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ არჩევანს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებიდან შემდგომი 10 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო.

წლიდან წლამდე ჩვენ წინ მივიწევდით ამ პროცესში. იქნება ეს ბიზნესის კეთების სიმარტივე თუ ანტიკორუფციული კანონმდებლობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ, და ბევრი სხვა მიღწევა. რა თქმა უნდა, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ვიზალიბერალიზაცია ისტორიული მიღწევებია ჩემი ერისთვის. თუმცა, ჩვენ გვინდა, წინ წავიწიოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.

პირველი არხი