საზოგადოება
საქართველოს ბიუჯეტი და საბიუჯეტო სექტორი მომავალშიც ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარი გარანტი იქნება - ფინანსთა მინისტრი

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) წარმატებით დაასრულეს მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მთავრობა ერთგული რჩება იმ ძირითადი მიზნების მიმართ, რომლებიც პარტნიორებთან ერთად დაისახა.

ეს მიზნებიამიმდინარე ხარჯების კონტროლი, კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და ფისკალური დეფიციტის ნორმალიზება. პროგრამის დასრულებამდე ერთი წელია დარჩენილი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველა ამ მიზანს მივაღწიეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, რაც შეეხება მიმდინარე ხარჯების კონტროლს, 2016 წლიდან 2018 წლის ბოლომდე მიმდინარე ხარჯები 26 პროცენტიდან 23 პროცენტამდე შემცირდა და განაგრძობს შემცირებას.

აბსოლუტურ სიდიდეში დაახლოებით 1,2 მილიარდით არის მიმდინარე ხარჯები შემცირებული, უნისონში მოდის მცირე მთავრობის კონცეფციასთან. რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯების დაჩქარებას, მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზა და ქვეშეთი კობის მონაკვეთი ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტებია. ყველა ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. კაპიტალური დანახარჯები სრულად არის გაწერილი ფისკალურ ჩარჩოში. ფისკალური დეფიციტის ნორმალება, რომელიც ნარჩუნდება მშპ-თან მიმართებაში 2, 5 პროცენტის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველოს ბიუჯეტი და საბიუჯეტო სექტორი რჩება და მომავალშიც იქნება ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ გარანტი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ერთობლივ ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 4,6 პროცენტი, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია და რაც, ფინანსთა მინისტრის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს რეფორმების ეფექტიანობას.