სამართალი
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია 20 მაისიდან ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 20 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის. მოქალაქეები შეძლებენ, თვითონ აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.

ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ სააგენტოს ვებგვერდ sa.gov.ge -ზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.

ონლაინ დარეგისტრირებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS ან ელექტრონული ქვითარი)“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით: ვებგვერდზე www.sa.gov.ge, ან სააგენტოსფეისბუქისგვერდზე.