რელიგია
მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მისალოცი სიტყვა:

თქვენო აღმატებულებავ, ქ-ნო პრეზიდენტო,

თქვენო აღმატებულებავ, ბ-ნო პრემიერ-მინისტრო,

ქალბატონებო და ბატონებო,

უფალი ბრძანებს, „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას”. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით, აღვაშენეთ ეს ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, სახელზე და ეს კიდევ მოწმობს იმის შესახებ, რომ საქართველო იმყოფება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ.

მთელი ერი მოხარულია იმით, რომ დადგინდა, დღევანდელ დღეს იზეიმებოდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინიტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე.

განგებამ ღვთისამ ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა.

როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მიიღო მონაწილეობა ღვთისმშობელმა დედამაც და მას ხვდა წილად ივერია და იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთანაა.

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, - მამუკა ბახტაძის მისალოცი სიტყვა:

უდიდესი მოწიწებით მივესალმები მის უწმინდესობას, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას.

ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის გამორჩეული დღე ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს აღვნიშნავთ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. დღესვე აღევლინა ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დღესვე ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს.

მე მსურს, ყველა ჩვენს მოქალაქეს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული და აქვე მინდა გითხრათ, რომ ამავე ტერიტორიაზე დაიწყება მშენებლობა კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმისა, სადაც იქნება წარმოდგენილი ყველაზე სანუკვარი ჩვენი ეროვნული საგანძური და აქვე გაიხსნება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

კიდევ ერთხელ მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე.

დიდი მადლობა.