პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - 9 მაისი კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებულია.

„მსურს, ყველას მივულოცო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში, ასიათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მსურს, მივულოცო ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.