რელიგია
თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში უნდა წავიდეთ სასულიერო პირები! – მეუფე იობი დავით გარეჯზე ლაპარაკობს

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი სამღვდელოებასთან ერთად 2 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც სასაზღვრო პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.

სასულიერო პირმა ახსენა “რელიგიური ომის” შესაძლებლობა, უარყოფითად მოიხსენია მუსლიმები და თქვა, რომ “თუ საქმეს სისხლი დასჭირდა”, პირველ რიგში, სასულიერო პირები უნდა წავიდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ გამონათქვამებს აგრესიულად და შუღლის გაღვივების წახალისებად აფასებს.

მიტროპოლიტ იობის თქმით, აზერბაიჯანული მხარე “ბევრ რამეს არ უყურებს” და თავისი ქმედებებით “რელიგიური ომის” შესაძლებლობას ქმნის.

ბევრ რამეს არ უყურებენ, განსაკუთრებით იმას, რომ იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაცა მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს აწყობს, არც საქართველოს”, – თქვა მან.

მიტროპოლიტის განცხადებით, “თუ საქმეს დასჭირდა სისხლი”, ერს სასულიერო პირებმა მაგალითი უნდა მისცენ.

ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავუბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და, ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო. თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ, სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს”, – თქვა მან და დაამატა, რომ ფიქრობს, საქმე აქამდე არ მივა.

სასულიერო პირმა თემის კომენტირებისას ისლამოფობიური რეპლიკაც გამოიყენა და მუსლიმური ქვეყნები “ეშმაკის მსახურებს” შეადარა.

“[ამ ტერიტორიაზე] სიმაღლეები არის და, ფაქტობრივად, ეს რისთვის სჭირდება ამ მესაზღვრეებს, აზერბაიჯანის მხარეს? სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს იცით, რას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია. მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის და ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა”, – აღნიშნა მან.