აქტუალური
პრემიერ-მინისტრი სამთავრობო ცვლილებების საკითხის განხილვას არ ადასტურებს

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებების საკითხის განხილვას არ ადასტურებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი იგეგმება, თუმცა რეფორმების განხორციელების პროცესში ტემპს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„2019-2020 წლებში ჩვენ გამოყოფილი გვაქვს საბიუჯეტო რესურსი, რათა მივაღწიოთ ყველა მიზანს, რომელსაც საზოგადოებას დავპირდით. ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა უწყება, ყველა სამინისტრო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდეს. შესაბამისად, სიჩქარესა და ტემპებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნებისა და ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში როგორც 2019, ასევე 2020 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა პრემიერმა.