საზოგადოება
საგანგაშო მდგომარეობა საქართველოში ოჯახური და საზოგადოებრივი ძალადობის მხრივ

family-breakdownსაქინფორმთან საუბარში ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი პროექტის – „საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის და მსხვერპლთა დასახმარებლად“ – ფარგლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე აკეთებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალადობასთან ბრძოლისთვის ძალიან კარგი კანონი არსებობს და პრობლემის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებებიც ტარდება, პრობლემა მაინც მასშტაბურია, განსაკუთრებით – რეგიონებში.

„მდგომარეობა ძალიან მძიმე და საგანგაშოა, მითუმეტეს, ისეთ პატარა ქვეყანაში,როგორიც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, ჯერ კიდევ ბევრია ამ მხრივ გასაკეთებელი. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი სოციალურ სამსახურებთან და განათლების სამინისტროსთან, რადგან ძალადობის ფაქტებს არა მხოლოდ ოჯახში, არამედ სკოლებში და, ზოგადად, ოჯახს გარეთაც მრავლად აქვს ადგილი. ადრე ამაზე საერთოდ არ იყო საუბარი, ახლა კი ვთანხმდებით ყველა, რომ ეს ღრმა და მასშტაბური პრობლემაა და ამაზე მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა ამირეჯიბმა.

რაც შეეხება კვლევას, რომელიც ოჯახში ძალადობის პრობლემის შესწავლას ისახავდა მიზნად, 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. გამოიკითხა 1250-მდე ადამიანი.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია; მამების 52%, დედების 46% და მასწავლებლების 35% ფიზიკურად ძალადობს ბავშვზე; გამოკითხულ მსხვერპლთა 58% – ქუჩაში გასვლისას, ხოლო 48% სახლში დარჩენისას ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ; გამოკითხულ მსხვერპლთა 60% ამბობს, რომ ბავშვობისას მამის მხრიდან დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობის, 50% – ფიზიკური ძალადობის, ხოლო 15% სექსუალური ძალადობის მომსწრე გახდა; გამოკითხულ მსხვერპლთა 8% – ინცესტის, 4% – თანატოლების მხრიდან, ხოლო 4% უფროსების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. საპატრულო პოლიციის ყოველი მეოთხე გამოძახება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის.

პროექტს „საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის და მსხვერპლთა დასახმარებლად“ მესამე წელია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით „ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან“ ერთად ახორცილებს.

პროექტში, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოება – საქართველოში ძალადობის გავრცელებაზე კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება და ძალადობის მსხვერპლთათვის დროული და პროფესიული დახმარების აღმოჩენაა, ჩართული არიან როგორც სახელმწიფო მოხელეები, ისე პოლიციელები, ექიმები, სოციალური სფეროს მუშაკები და სხვა სპეციალისტები.