პუბლიკაციები
მალხაზ მაჩალიკაშვილი ზუგდიდში სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად ჩავიდა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. მალხაზ მაჩალიკაშვილი ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად ჩავიდა. იგი სანდრა რულოვსთან ერთად ტელეკომპანია „ოდიშის“ ერთ-ერთი გადაცემაში მონაწილეობდა.

„პირდაპირ გეტყვით, ჩამოვედი სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად. მე აქ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ძმაკაცი და ახლობელი. ვიცი, რომ როცა მე ვიქნებოდი სანდრას გვერდით, ის ადამიანებიც მხარს დაუჭერენ სანდრას. ყველანაირად ვეცდები, რომ ეს სისტემა დავანგრიო. რაც მე გამიკეთეს საქართველოში ბრძენმა და ჭკვიანმა ხალხმა, ეს საუკუნის დანაშაულად აღიარეს. ამას არავის ვაპატიებ, სისტემა უნდა დაინგრეს და სხვა ნორმალური ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამ ხელისუფლებაში მე ყველა იმედი ამოწურული მაქვს. აქედან, სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ბრძოლა, რომ სათავეში მოვიდნენ მართლა ადამიანები და არა როგორც დღეს სხედან მხეცები და ყველაფერი მოიყვანონ წესრიგში და სისრულეში“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.