აქტუალური
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა, რის შემდეგაც ცვლილებებს კენჭი უყარეს. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევისა და მათი პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა განისაზღვრა. ასევე დადგინდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ინიციატივაში რამდენიმე ცვლილება შევიდა და პროექტში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა. მათ შორის, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდები. პროექტში ამ თვალსაზრისით ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით მოსამართლისთვის დადგენილ საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ დამატებით პირობას: არის მოქმედი მოსამართლე; არის ყოფილი მოსამართლე, რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; არის პირი, რომლის პროფესიული კვალიფიკაცია შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს.

გარდა ამისა, კანონპროექტში კიდევ ერთი დამატება შევიდა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ის არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არცერთ ეტაპზე. აგრეთვე, არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და კიდევ 12 დეპუტატის მიერ მომზადებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი, თუმცა პროექტი ჩავარდა.