საზოგადოება
საქართველოში უცხოური ვალუტის რეზერვები მინიმალურ დონეს აკმაყოფილებს, თუმცა რეკომენდებულ ნიშნულზე დაბალია - სსფ

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში სახელმწიფოების უცხოური რეზერვების მოცულობაზეც არის ლაპარაკი.

ანგარიშში რეზერვების ადეკვატურობის მინიმალური დონე 75 პროცენტით განისაზღვრა. შესაბამისად, საქართველო, რომლის რეზერვების დონე თითქმის 100 პროცენტია, მინიმალურ ნიშნულს აკმაყოფილებს. თუმცა, ანგარიშში მითითებულია, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის რეკომენდებულია აღნიშნული მაჩვენებელი 100-დან 150 პროცენტამდე იყოს, ამ კუთხით კი საქართველოს სასურველი მოცულობისთვის ჯერ არ მიუღწევია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით უცხოური რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 478 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 459 მილიონი დოლარით მეტია.