სამართალი
ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა.

უწყების ცნობით, მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საბჭომ საკითხზე 11 აპრილს იმსჯელა.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მსჯავრდებული ინფორმირებულია ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 მაისში დააკავეს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა, რაზეც უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წარდგენილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ საერთო სასამართლოებს რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, მათ შორის, აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – ორი წელი და სამი თვე; სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – სამი წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – ოთხი წელი და ექვსი თვე; კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე – ხუთი წელი; ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – ექვსი წელი და ცხრა თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო ზომად ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ეს ვადა კი 2020 წლის თებერვლის ბოლოს იწურება.