სამართალი
შს მინისტრის მოადგილეებმა პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ და მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები თელავის სამედიცინო დაწესებულებებში მოინახულეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც 21 აპრილს პანკისის ხეობაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.