სამართალი
კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ - სუს-ი

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ და ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენენ პოტენციურ დაკვირვების ობიექტებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის მნიშვნელოვანია, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა თუ ანალიზი.

კორუფცია მრავალი მიმართულებით ფუნდამენტურად აზიანებს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, ანელებს განვითარების პროცესს, რთულად გამოსასწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ასუსტებს ნდობას და წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ და ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენენ პოტენციურ დაკვირვების ობიექტებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, 2018 წელს სუს-ის მიერ გატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არაერთი საჯარო მოხელე იქნა დაკავებული, მათ შორის, ქრთამის აღების ფაქტებზე.

ამ მიმართულებით 2018 წელი იყო სამაგალითო წინა პერიოდებთან მიმართებით, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ვაპირებთ, გავააქტიუროთ მოქმედებები. 2018 წელს სუს-ის მიერ განხორციელებული საქმეების რაოდენობა, სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა წარმოადგენს 71-ს, ხოლო პასუხისგებაში მიცემული იქნა ჯამში 133 პირი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.