საზოგადოება
რევაზ ბულიას მესამე „დიპლომი“

buliaქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს, ზეიმი იყო ზუგდიდში, ბულიების ოჯახში. აღინიშნებოდა უკანონო პატიმრობიდან ოჯახის უფროს რევაზ ბულიას განთავისუფლება. პარტია ,,სამართლიანობის“ პოლიტიკური მდივანი რევაზ ბულია 2006 წლის სექტემბრის დასაწყისში ზუგდიდში დააპატიმრეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით, მისი დანარჩენი თანამებრძოლები კი თბილისში დააკავეს.

რევაზ ბულიამ საპატიმროში 4 წელი და 6 თვე დაჰყო, ყოველგვარი შეწყალებისა და აღიარების გარეშე. იგი ძველებურად კვლავ მხნედ გამოიყურება. გახარებული იყო, რომ უვნებლად დააღწია თავი ციხისა და კოლონიის ჯურღმულებს. მან ინტერვიუს მიცემასა და ყოველგვარი კომენტარის გაკეთებისაგან ამ ეტაპზე კატეგორიული უარი განაცხადა. სუფრაზე წარმოთქმულ სამადლობელ სადღეგრძელოში კი აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო დაპატიმრება და იმ ბრალდების წაყენება, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობდა. მას არასოდეს სჭერია ხელში იარაღი, არ არის შურისძიების გრძნობით შეპყრობილი, ყველას მიუტევებს და იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან უფალი განსჯის მტყუან-მართალს. პატიმრობაში ყოფნისას მან დიდი გამოცდილება შეიძინა და მისი უმაღლესი განათლების ორ დიპლომს მესამე დიპლომიც – ციხისა და კოლონიის დამთავრების, დაემატა, რაც აუცილებლად გამოადგება შემდგომ საქმიანობაში.