უცხოეთი
დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას იემენის კონფლიქტში აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას იემენის კონფლიქტში აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რომელიც იემენში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში საუდის არაბეთის სამხედრო მხარდაჭერის დასრულებას ითვალისწინებდა.

„ეს რეზოლუცია უსარგებლოა. ის ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების დასუსტების სახიფათო მცდელობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკის მოქალაქეების და მამაცი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს“ , – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ვეტოს უფლება პრეზიდენტობის ფარგლებში მეორედ გამოიყენა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამერიკელი კანონმდებლები რეგიონული მოწინააღმდეგე ირანის იზოლირების მიზნით, ვაშინგტონის და ერ-რიადის მჭიდრო თანამშრომლობით შეშფოთებულები არიან. ბევრი კანონმდებელი ასევე უკმაყოფილოა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე დონალდ ტრამპის რეაგირებით.

იემენში საომარი მოქმედებები 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ძალაუფლების მოპოვებაში ერთმანეთს ამბოხებული ჰუსიტები და ქვეყნის ხელისუფლება ებრძვიან. მარიონეტულ ომში ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს შიიტური ირანი ეხმარება. ქვეყნის ხელისუფლებას კი, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით არსებული საერთაშორისო კოალიცია უწევს მხარდაჭერას.

1tv.ge