პუბლიკაციები
ნაპოლეონ ქარქაშაძე: არ არიან მარტივი ხალხი აფხაზები, არც მათთან ბრძოლა იყო მარტივი (ნაწილი მეორე)

napoleon_karkashდაპირებისამებრ, ვაგრძელებთ საუბარს პროფესორ ნაპოლეონ ქარქაშაძესთან აფხაზურ-ქართულ პრობლემებზე. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბატონი ნაპოლეონი იყო ინიციატორი აფხაზური “აიდგილარას” წარმომადგენლების შეხვედრისა ზვიად გამსახურდიასთან პრეზიდენტად მის არჩევამდე. ამ თემით გრძელდება ჩვენი საუბარი.

სტუმრებს სკამებიც კი არ შესთავაზეს

- “აიდგილარას” სამი წარმომადგენელი, - ამბობს ნაპოლეონ ქარქაშაძე, – ჩამოვიყვანე სოხუმიდან  ზურაბ აჩბა, “აიდგილარას” თავმჯდომარის მოადგილე; დავით ფილია, პარტიის ტყვარჩელის ქალაქკომის პირველი მდივანი, “აიდგილარას” პრეზიდიუმის წევრი (აფხაზებისთვის ამოსავალი პრინციპი ეროვნული კუთვნილება იყო. პარტიულ და საბჭოთა ნომენკლატურას ყურადღებას არ აქცევდნენ); იგორ ქეცბაია, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ესეც - “აიდგილარადან”.

შეხვედრა რუსთაველის საზოგადოებაში გაიმართა. აფხაზებმა გვთხოვეს, საგნობრივი საუბარი რომ გამოგვივიდეს, ნუ იქნებიანო 7-8 კაცზე მეტი ზვიად გამსახურდიასთან ერთადო.
შევედით დანიშნული დროისთვის ოთახში და ვხედავთ, გავსებულია ხალხით იქაურობა, ფანჯრების რაფებზეც კი სხედან. სტუმრებისთვის ადგილი არ არის. დგანან ეს ჩვენი აფხაზები და არ იციან, როგორ მოიქცნენ. ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ვხედავ, ერთ მხარეს დგას ტახტი. ცარიელია. მივიწვიე სტუმრები. დამხვდურები წინ გადაგვიდგნენ - აქ გამსახურდია უნდა დაჯდესო.
მოვიდა ზვიად გამსახურდია და ამ ტახტის შუაში დაჯდა.

აფხაზები დგანან ფეხზე.
რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარეს - თენგიზ სიგუას ვანიშნე, რომ ასე არ ივარგებდა. მანაც წამოყარა სათათბირო მაგიდასთან მიმჯდარი რამდენიმე კაცი და, როგორც იქნა, დავსვით აფხაზები.
ყოველგვარი მისალმების გარეშე ზვიად გამსახურდიამ ჯიქურ მიმართა სტუმრებს:
- Ну, начнем?
იძულებული ვიყავი, მე დამეწყო ლაპარაკი. ავუხსენი, რომ აფხაზები თავიანთი საზოგადოების მიერ დელეგირებული იყვნენ თბილისში კონკრეტული  წინადადებების წარმოსადგენად.
- რომელი წინადადებების?
- წინა დღით ჩავატარეთ თათბირი და შევთანხმდით, რომ შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამოსასვლელად ყველაზე ეფექტიანი იქნებოდა ქართულ-აფხაზურ ლიბერალურ კონფედერაციაზე შეთანხმება.
- რა იგულისხმებოდა ლიბერალურ კონფედერაციაში?
- იგულისხმებოდა, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა ჩარეულიყო აფხაზეთის საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შენარჩუნებული იქნებოდა ერთიანი არმია, ერთიანი ვალუტა, ერთიანი საგარეო პოლიტიკა.
- ერთიან საზღვრებში?
- დიახ, ერთიან საზღვრებში. დაიწყო ამაზე საუბარი ზურაბ აჩბამ. ლაპარაკობს ეს კაცი და ადგილებიდან არ წყდება წამოძახილები, რომელთა შორის ყველაზე “უწყინარი” იყო:
- Откуда приехали эти абсуа!
ცივი ოფლი მასხამს. თუ ასე გაგრძელდა ადგებიან ეს აფხაზები და წავლენ, ეს კი ნიშნავდა, რომ დაიწყებოდა დაპირისპირების ახალი და უფრო დაუნდობელი ეტაპი.
- Вы уже закончили? - ეკითხება ზვიად გამსახურდია ზურაბ აჩბას.
- Пока что - да!
ზვიად გამსახურდია იწყებს ლაპარაკს და ეუბნება, რომ მათ ჯერ უნდა წაიკითხონ მისი ნაწერები და შემდეგ წამოაყენონ თავიანთი წინადადებები. მე ვწერ და ახლაც გიმეორებთ, რომ ფართო კულტურულ ავტონომიას მოგცემთო:
- Я Вам даю широкую культцрную автономию.
- И Вы думаете, Звиад Константинович, что мы будем жить на своеё территории на правах армян?! - იყო პასუხი.
- А что Вы еще хотите?  - კიდევ რა გინდათო?! - ისე მიმართა, რომ ეს ნიშნავდა დისკუსიის დამთავრებას.
მაშინ ჩავერიე და ვთქვი, რომ აფხაზები ჩამოვიყვანეთ მათი წინადადების განსახილველად და, ეგებ, მათი პოზიციის განსჯა-განხილვაზე გადავსულიყავით.
- თქვენ საერთოდ ვინ ხართ?
შევცბი. ვინ ვიყავი და - ინსტიტუტის რექტორი, ქართული მოძრაობის დამაარსებელი აფხაზეთში... აფხაზებისთვის ავტორიტეტული კაცი, ახლა კი...
- რეაქცია?
- არავითარი... უშედეგოდ დამთავრდა ასე ნალოლიავები და ნაწვალები შეხვედრა. შეიძლება ვცდები, მაგრამ აფხაზებს თბილისში ასეთი კატეგორიულობა და მაქსიმალიზმი რომ არ დახვედროდათ, მოვლენები, გამორიცხული არ არის, სხვა კალაპოტით განვითარებულიყო...

 

როცა ბუნების კანონი ირღვევა

- აფხაზებზე მინდა შეგეკითხოთ. ერთმა გონიერმა ქართველმა კაცმა დამიანე გოგოხიამ, რომელიც წლების მანძილზე პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში მეორე მდივნად მუშაობდა, მითხრა, რომ აფხაზებს მეგობრობის საოცარი უნარი აქვთ. თუ ერთხელ ასეთად მიგიღო და გცნო, სიკვდილამდე არ გიღალატებსო.
- სწორად უთქვამს. სანიმუშო მეგობრობა იციან აფხაზებმა. ინსტიტუტის რექტორად რომ დავიწყე მუშაობა სოხუმში, პრობლემები იქაურმა ქართველებმა  შემიქმნეს. მხარში კი სწორედ ინსტიტუტში მომუშავე აფხაზები ამომიდგნენ, თანაც - ძალიან სერიოზულად.
- ქართველები რას გედავებოდნენ?
- ეს კაცი რას ჩამოგვიყვანეს, ჩვენ აქ არ ვიყავითო? აფხაზებმა თქვეს - ეს კაცი აქ საქმის გასაკეთებლად ჩამოვიდა და ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთო.
აფხაზები, ჩემი დაკვირვებით, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი განათლებული ხალხი ჰყოლოდათ. ხაზს ვუსვამ - განათლებული და არა მხოლოდ დიპლომიანი ახალგაზრდები.
პროტექციონიზმი მაშინაც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება.

- ოღონდ ადრე ნათლიმამობა ერქვა, ახლა - “ერთ გუნდში” ყოფნა.
- ჰოდა, როცა ინსტიტუტის ქართველი თანამშრომლები თავიანთ მამიდაშვილებსა და ბიძაშვილებზე მაწუხებდნენ. აფხაზი ამას არავითარ შემთხვევაში არ კადრულობდა.
მათემატიკის კათედრის გამგედ ჩვენთან ღირსეული აფხაზი კაცი გიორგი ხაშბა მუშაობდა. ერთხელ ვკითხე:

- ჟორა, ნუთუ ნათესავი არავინა გყავს, არავის შეუწუხებიხარ, რომ არასოდეს არაფერი გითხოვია-მეთქი ჩემთვის?
- როგორ არა, ბატონო ნაპოლეონ, - მიპასუხა მან, - მაგრამ ჩემი ერის დევალვაციას მე ხელს ვერ შევუწყობო.
ერთმანეთის საოცარი თანადგომა ახასიათებთ აფხაზებს, სიყვარული და პატივისცემა. შეიძლება სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონოდათ, მაგრამ ერთმანეთის ღირსებას ცუდად არასოდეს შეეხებიან. მყავდა ერთი პრორექტორი ვიქტორ ხიშბა, ბიჭვინთიდან იყო, ლიძავადან. მამამისი დოროფეი ხიშბა ანტიქართველი იყო. მაგრამ მე მათ ოჯახში მიღებულ კაცად ვითვლებოდი და ბატონი დოროფეი (დოროთე) როგორც შვილს, ისე მიყურებდა.
თბილისში ვარ ჩამოსული, შვებულებაში ვიმყოფები, და შემატყობინეს, რომ ვიქტორი მოულოდნელად გარდაიცვალა. იმავე დღეს დავბრუნდი სოხუმში და საღამოს სატირალში მივედი. მივუსამძიმრე მისი ოჯახის წევრებს და აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად.
- სოხუმში ხართ?
- დიახ. ამ დროს მოდის ჩემთან ერთი თანამშრომელი და მორიდებით მეუბნება, რომ ბატონი დოროფეი მისვლას გთხოვთო. ოთხმოცს გადაცილებული კაცი იყო.
რა თქმა უნდა, მივედი.
მეუბნება:
- მაპატიე, ჩემო შვილო, რომ ჩემთან გიხმე. მოხუცი კაცი ვარ და მიჭირს სიარულიო.
რას ბრძანებთ-მეთქი.
- ახლა რასაც გეტყვი, ნუ შეეცდები გადამათქმევინო, რადგან არ არსებობს ამქვეყნად ძალა, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებას შემაცვლევინებს. შენ კი გეუბნები იმიტომ, რომ შემდეგ საქვეყნოდ შენ გამოაცხადოო.
გავვოგნდი და ყურადღებად ვიქეცი.
- ხვალ დილაადრიან გავუყვები ლიძავასკენ გზას. ჩემს ვაჟს რომ გადმოასვენებენ, იქ დავხვდები (ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, უნივერსიტეტში დაგვესვენებინა, იქ გამოვმშვიდობებოდით და შემდეგ წაგვესვენებინა ბიჭვინთაში). როგორც შეშვენის ასეთი შვილის დამკარგავ კაცს, ისე დავიტირებ და შემდეგ მივაბარებო ჩემს ცოდვილ სულს უფალს.
გთხოვ, მამა-შვილი ჩვენს ეზოში ერთად დაგვკრძალოთო.
საკმაოდ დაბნეულმა, ასეთ ლაპარაკს არ ველოდი, სასიკვდილო რა გჭირთ-მეთქი, ვუთხარი, და, ესეც რომ არ იყოს, ვიქტორის შვილებს ხომ სჭირდებათ მიხედვა?
- დაირღვა ბუნების კანონი, - მითხრა ბატონმა დოროთემ, - ჩემს შვილს მე უნდა დავეტირებინე, მაგრამ ღმერთმა სხვაგვარად ინება. ვიცი, რომ ღმერთის წინააღმდეგ მივდივარ. მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია. წერილს დავწერ და თქვენი ნათქვამის შემდეგ წაიკითხავენო.
- ბატონო დოროფეი, ამის გაკეთება არ შეიძლება, გთხოვთ გადაიფიქროთ!
- არა, არა, - თქვა, ხელი მკლავზე მომკიდა, თავისკენ მიმიზიდა, შუბლზე მაკოცა და ღმერთი იყოს შენი მფარველიო, მითხრა.
ჩავასვენეთ საწყალი ვიქტორ ხიშბა ლიძავაში, მამა-პაპის სახლში. გამოგვეგება შავებში ჩაცმული დოროფეი, ხმით იტირა, იგმინა, სახე დაიკაწრა, ჩაეხუტა თავის შვილს, ღმერთს რაღაც შეჰღაღადა და ბარბაცით აუყვა რამდენიმე საფეხურიან კიბეს, შინ შევიდა და ძველებური დამბაჩით განიგმირა შუბლი...
არ არიან მარტივი ხალხი აფხაზები, მათთან ბრძოლაც არ იყო მარტივი.
ჩემი დაკვირვებით, აფხაზი არასოდეს შეეცდება, თავისი აზრი სხვა ერის წარმომადგენელს თავს მოახვიოს. თუ მიხვდები, რომ იგი მართალია და მხარს დაუჭერ, ესიამოვნება. ეს ერთი.
მეორე კი გულითადობაა. საქმეს თუ ხელს მოჰკიდებენ, გულით გააკეთებენ.
- ცხონებული დოროფეიც ანტიქართული განწყობილების კაცი იყოო, თქვენ თქვით.

- ძალიან თავისებურად. და რომ გაგარკვიოთ, ეს თავისებურება რას ნიშნავდა, ერთ ამბავს მოგიყვებით.
მირეკავს ერთ დღეს საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა და მეუბნება, თუ შეიძლება, რომ თქვენმა პრორექტორმა მამამისის სახლში აფხაზ უხუცესებთან მოსალაპარაკებლად მიგვიღოსო.
- ესე იგი, დოროფეის სახლში?
- დიახ. სტუმრის მიღებაზე აფხაზი უარს როგორ იტყვის?! მივედით - საკავშირო კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი რაზუმოვსკი, საქართველოს კომპარტიის ცეკას მეორე მდივანი კოლბინი, ადლეიბა, მე, ვიქტორი, აფხაზი ხანდაზმულები - ათიოდ კაცი ჩოხებში გამოწყობილი.
თამადად დოროფეი დადგა.
ერთ მომენტში მან სუფრის წარმართვის წესი დაარღვია და მაღალ სტუმრებს მიმართა:
- ვიცი, რომ საქმისთვის  ხართ ჩამოსულები და ჩვენი აზრი გაინტერესებთ, - და დაიწყო.
ლაპარაკობდა რუსულად: საუკუნეების მანძილზე ამ მიწაზე ვცხოვრობთ აფხაზები, ჩვენ აბორიგენები ვართ. მოვიდა ქართველი, დასახლდა. კარგი მეზობლობა გვაქვს. მოვიდა სომეხი. დასახლდა. არც იმასთან გვაქვს ცუდი დამოკიდებულება. ვმეზობლობთ, ვეხმარებით ერთმანეთს. რუსი მოვიდა და ასევე არის. მაგრამ ქართველი რომ მოხვედი, მეზობლობას არ დასჯერდი და ჩემი ხელმძღვანელობა მოინდომე. რა უფლებით?
ვსხედვართ აქ - ქართველი, აფხაზები და რუსები და ვსაუბრობთ რუსულად. იმიტომ, რომ ქართული არ ვიცი. როცა მთელი საბჭოთა კავშირი რუსულად ლაპარაკობს, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში და არა იმ ენობრივ სივრცეში, რომელიც გვესმის და მეორე მშობლიურ ენად მიგვაჩნია? ქართველებთან, გარდა კეთილმეზობლობისა, საერთო არაფერი გვქონია.
ქართველებს კი აქ ხელმძღვანელად გვიგზავნით. ახლა ჩვენთან მუშაობს ერთი პირველი მდივანი, მივედით და ჩვენი წინადადებები შევთავაზეთ. არაფერი რომ არ გააკეთა, მეორედაც მივედით, მაგრამ აღარ მიგვიღო. კიდევ მივედით და კიდევ არ მიგვიღო. რად გვინდა ისეთი კაცი, რომელმაც აქაური არაფერი იცის, გაგებაც არ სურს და თავზე იმიტომ გვაზის, რომ ქართველიაო?
- კონკრეტულ პიროვნებაზე ლაპარაკობდა?

- დიახ. მაგრამ მე არ ვასახელებ იმიტომ, რომ კარგა ხნის გარდაცვლილია...
- დარჩა პასუხგაუცემელი პატივცემული დოროფეი-დოროთეს პოლიტიკური დეკლარაცია?
- აფხაზებში წესია: შვილი, რაგინდ მაღალი რანგის პიროვნება იყოს, მამის ნებართვის გარეშე სუფრასთან ვერ დაჯდება. ვიქტორი - ჩემი პრორექტორი იცავდა ამ წესს და სტუმრებს გვემსახურებოდა. ქართულად ვესაუბრებოდი იმიტომ, რომ იცოდა. და ჩემი საპასუხო სიტყვაც ამ მომენტიდან დავიწყე.
ალბათ, შეამჩნიეთ, - მივმართე სტუმრებს, - რომ ამ აფხაზმა კაცმა, ინსტიტუტის პრორექტორმა შესანიშნავად იცის ქართული. მისმა შვილებმა, რომლებიც სოხუმში, კელასურში დაიბადნენ და იზრდებიან, ასევე მშვენივრად იციან ქართული ენა. მათი ნათესავი ვლადიმერ ხიშბა საქართველოს სატყეო მე­ურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობს. - ვინმე მოვიდა თქვენთან, გენადი ვასილიევიჩ, - მივმართე ცეკას მეორე მდივანს, - პრეტენზიით, თუ რატომ არის აფხაზი ასეთ მაღალ თანამდებობაზე?
კოლბინმა - არაო, როგორ გეკადრებათო.
ცეკაში მუშაობს განყოფილების გამგედ კაპბა, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა ლაბახუა, აფხაზი კაცი, და ჩამოვუთვალე ის აფხაზები, ვინც მახსოვდა, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყვნენ იმ პერიოდში. თუნდაც თქვენ, - მივუბრუნდი კოლბინს, - რუს ადამიანს, შეგექმნათ რაიმე პრობლემა საქართველოში თქვენი ეროვნული წარმომავლობის გამო?
კოლბინმა - არა, რა თქმა უნდაო.
და განვაგრძე იმ თემაზე ლაპარაკი, რომელიც ამ უმაღლესი რანგის კომუნისტებს კარგად ესმოდათ, კერძოდ, სოციალისტური სამშობლოს ერთიანობასა და ურღვეობაზე.
ამან გაჭრა. უკანა გზაზე, სტუმრების “ჩაიკაში” რომ ვისხედით, მადლობა მითხრეს.
- აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ქართველი და აფხაზი დეპუტატების კვოტების საკითხი, ინსტიტუტის რექტორად თქვენი იქ ყოფნის პერიოდში წამოიჭრა, მგონი.
- კი, და ქართველები სასტიკი წინააღმდეგი ვიყავით იმ განაწილების, რომელიც მაშინ შემოგვთავაზეს: 26 - ქართველი დეპუტატი, 28 - აფხაზი, 11 - დანარჩენი ეროვნებების წარმომადგენლებისთვის. დისკრიმინაციულად მივიჩნიეთ ასეთი პროექტი.
სამწუხაროდ, რა არის, იცით? ქართველებმა ის 26 ადგილიც ვერ ავითვისეთ. ერთმანეთი დავჭამეთ. აფხაზებმა არა მარტო უპრობლემოდ შეავსეს თავიანთი კვოტა, არამედ დანარჩენ თერთმეტ ადგილზე ისეთი სომხები და რუსები შეარჩიეს, ვინც მათ უჭედა მხარს.
- რა ვერ გაიყავით, რატომ მოხდა ასე?
- ამბიციურობამ დაგვღუპა. მაგრამ მარტო ამან არა - მთელი თაიგული იყო ნეგატიური მომენტების: თავდაჯერებულობა, მიკერძოება, ზერელობა, ორმაგი თამაში და ა.შ.

ორჯერ ორივით არჩეული არძინბა და ოთხი წინააღმდეგი

ამ ყველაფერმა თავი განსაკუთრებით იჩინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის დროს.
- არძინბასი?
- დიახ, არძინბასი. ამ დროს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურსში უკვე გამარჯვებული ვარ. მაგრამ ვარ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და, რა თქმა უნდა, ჩავედი სოხუმში. იმავე საღამოს ტურბაზის დირექტორის - მეშველიანის კაბი­ნეტში შეიკრიბა ქართველების დეპუტაცია. ჩვენთან იყო პროფესორი ალექსიძეც, ზვიად გამსახურდიას თანაშემწე. შევთანხმდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერჩია არძინბა. აუცილებელი გახდა, რომ ამ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ გვეცნობებინა ზვიად გამსახურდიასთვის, რომელიც ამ დროს უკვე ქვეყნის პირველი პირი იყო. ეს საქმე მე დამავალეს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სადაც მინისტრად ლომინაძე მუშაობდა, “ვჩ” კავშირით დავურეკე გამსახურდიას და მოვახსენე დანაბარები.
პასუხად მივიღე აღელვებული კაცის რეაქცია: - თქვენ ვინ გეკითხებათ! თქვენი გაკეთებული საქმეები ჩვენ უკვე ვნახეთ! როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე აირჩევთ არძინბას!.. და ასე შემდეგ.
ბოდიში მოვუხადე და ასე დამთავრდა “შეთანხმება”. ღამის სამ საათზე ჩემს სახლთან რომ მივედი, ეზოში დამხვდა ბორის ადლეიბას თანაკლასელი, ოჩამჩირეში ერთ-ერთი ტრესტის მმართველი გივი ჯიტავა. ადლეიბა უკვე აღარ არის პირველი მდივანი, მაგრამ სსრ კავშირის სახალხო დეპუტატია.
ჯიტავა მეუბნება, რომ ბორის ვიქტოროვიჩი გთხოვთ, ოჩამჩირეში ჩამოხვიდეთ და შეხვდეთო.
ეტყობოდა, რომ ძალიან სერიოზული ამბის გამო მიბარებდა.
წავყევი გივის. ჩავედით მის სახლში. ვხედავ, ბუხართან სხედან ადლეიბა, ერთ-ერთი მეურნეობის დირექტორი ბიგვავა, კიდევ რამდენიმე აფხაზი.
ბორისმა პირდაპირ საქმით დაიწყო:
- ხვალ გაიმართება სესია და თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ არძინბას არჩევა. Если Вы его изберете, будет война и погибнет мой маленький народ, - აირჩევთ და იქნება ომი, რომელშიც ჩემი პატარა ხალხი განადგურდება.
ვუთხარი, ზვიად გამსახურდიასთან ამ თემაზე საუბრის შესახებ.
მაინც გთხოვთო დაჟინებით, ვინაიდან გამსახურდიამ არ იცის, ვინ არის ეს კაციო.
მაშინ ნებართვა ვითხოვე, რომ დამემოწმებინა მასთან შეხვედრა და ისე გამეცნო ზვიად გამსახურდიასთვის ეს მოსაზრება.
დამეთანხმა. 
არადა, ილევა ღამე. დილის 11 საათზე იწყება სესია.
10 საათზე კვლავ გივი ლომინაძის კაბინეტიდან შინ ვურეკავ ზვიად გამსახურდიას. მიპასუხებენ - ძინავსო.
რამდენიმე წუთში ისევ ვრეკავ. ჯერ არ გაუღვიძიაო. იძულებული გავხდი, მეთქვა, რომ ვარ ნაპოლეონ ქარქაშაძე და ვრეკავ სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმის გამო. ყურმილში ქალის აღშფოთებული ხმა ისმის: - ვინ არის ეს ნაპოლეონ ქარქაშაძე, რომ რეკავს? კიდევ რაღაც ხმები მესმის და ბოლოს ტელეფონთან მოდის ზვიად გამსახურდია.
- ბატონო ზვიად, - ვეუბნები, - არ აღელდეთ, არ ანერვიულდეთ, მაგრამ არ მაქვს უფლება, არ გადმოგცეთ იმ საუბრის შინაარსი, რომელიც ბორის ადლეიბასთან მქონდა.
- ადლეიბა ვინ არის?
- ადლეიბა არის პიროვნება, რომელიც ათი წელიწადი მუშაობდა საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად და ახლაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს აფხაზებს შორის. მისი აზრიც არის, რომ არძინბას არჩევა არ შეიძლება.
- ადლეიბას ვინ ეკითხება, არის თუ არა ასარჩევი არძინბა! თქვენი აშენებული ქვეყანა ჩვენ ვნახეთ, ახლა ჩვენ გვაცალეთ! და ასე შემდეგ.
ასეთი იყო პასუხი.
დრო კი 11 საათს უახლოვდება. გარეთ მელოდებიან გენერალი ლერი აბაშიძე, ოთარ ზუხბაია, ნოდარ მეძმარიაშვილი. ვუთხარი, რაც მოხდა, და წუთი წუთზე მივუსწარით სესიის დაწყებას. დავსხედით მეოთხე რიგში.
სესია გახსნა ოზგანმა, ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა, და წინადადება შემოიტანა არძინბას არჩევის შესახებ.
უყარა კენჭი. წინააღმდეგი ჩვენ ოთხნი აღმოვჩნდით - მე, ზუხბაია, მეძმარიაშვილი და აბაშიძე. წამოვდექი და ვთქვი, რომ მე არა მხოლოდ წინააღმდეგი ვარ, არამედ კატეგორიულად ვარ წინააღმდეგი და მოვითხოვე სიტყვა. განვაცხადე, რომ აფხაზეთში ურთულესი პოლიტიკური სიტუაციაა, საჭიროა ამ სიტუაციის ბრძნული გადაწყვეტილებებით განმუხტვა, უფლება არ გვაქვს, დავუშვათ შეცდომები. არძინბაზე ვთქვი, რომ, როგორც ამბობენ, ის კარგი მეცნიერია, მაგრამ არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. მისი არჩევით ჩვენ შეიძლება დავკარგოთ კარგი მეცნიერი და ხელში შეგვრჩეს სუსტი პოლიტიკური მოღვაწე და ა.შ.
ამიტეხეს სტვენა და ყვირილი: დარბაზი სავსე იყო უცხო ხალხით, რომელთაც დეპუტატობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ.
მოვითხოვე დარბაზის მათგან გაწმენდა.
გამოაცხადეს ხუთწუთიანი შესვენება.
ტრიბუნიდან არ ჩამოვდივარ.
როცა მარტო დეპუტატები დავრჩით, ვთქვი ჩემი სათქმელი ბოლომდე, რისი კვინტესენციაც ჩვენი ერთობლივად ცხოვრების გაგრძელება, ძმობა და მეგობრობა იყო.
- აირჩიეს არძინბა, ხომ?
- აბა, ოთხი წინააღმდეგი რას ვიზამდით?!
- სხვა ქართველმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს?!
- არ ვიცი. წინა რიგში ვიჯექით. უკან არ მიმიხედია.

შემთხვევით გადარჩენილი

იმავე ღამეს, შინ რომ მივედი, თავს დამესხნენ. დაღლილი ვიყავი. დაძინების წინ ტელეფონი, სასადილო ოთახიდან საძინებელში შევიტანე - ვინმეს რომ დაერეკა, აუცილებლად რომ გამეგო. ღამის 2 საათისთვის გავიგონე, რომ კარზე ვიღაც ზარს რეკავს. ახალი ჩათვლემილი ვიყავი. ძლივს წამოვდექი, ვინ ხარ-მეთქი, ვიკითხე. ორი ნაბიჯი გადავდგი, ფეხით ტელეფონის შნურს გამოვედე და წავიქეცი.
წავიქეცი და დააყარა ვიღაცამ ავტომატის ჯერი ჩემს ხის კარს. დაცხრილეს.
ეტყობა, ჩემი წაქცევის ხმა რომ გაიგონეს, იფიქრეს, მოვკალითო და უქმომ, უქმომ-ს ძახილით გაიქცნენ.
დავრეკე უშიშროებაში. დაუყოვნებლივ მოვარდნენ, დილამდე ჩემთან იყვნენ. დილას თვითმფრინავის ტრაპამდე მიმაცილეს: - შენი აქ დარჩენა არ შეიძლებაო და გამომამგზავრეს თბილისში. ამის შემდეგ, სხვა დროს, კიდევ ორჯერ თავს დამესხნენ. გადავრჩი.
- შეიარაღებული თავდასხმები, ეტყობა, შეიარაღებული დაპირისპირების მომასწავებელი იყო...
- ჩვენ ვიცოდით, რომ აფხაზები იარაღდებოდნენ, ყიდულობდნენ იარაღს. ქართველებმაც დავიწყეთ ფულის შეგროვება - ვყიდულობდით სახლებს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და, მგონი, იარაღსაც.
- მაშინ ამიხსენით, რატომ იყო, რომ 15 ოქტომბერს, აფხაზეთში ჩვენი სამხედრო ნაწილის შესვლის მეორე დღეს, სოხუმელმა ქართველებმა თენგიზ კიტოვანს, მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, იარაღი რომ სთხოვეს, უარით გაისტუმრა? თუ შეძენილი ჰქონდათ, რაღას სთხოვდნენ?
- როცა საჭირო გახდა ამ იარაღის ხელში აღება, ვეღარ მივაკვლიეთ. რატომ, რა მიზეზით და სად გაქრა, დაე, მკითხველმა განსაჯოს.
- მიგაჩნიათ, რომ ჩვენი ნაწილები რკინიგზის დასაცავად რომ არ შესულიყვნენ, თავიდან ავიცილებდით ომს?
- ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთში თვითონ რომ ჩასულიყო მოსალაპარაკებლად, ომი შეიძლება თავიდან აგვეცილებინა... ყველა სხვა შემთხვევაში მოხდებოდა ის, რაც მოხდა.
სამწუხაროდ, შენ მართალი ხარ, ნაპოლეონ ირაკლიევიჩ!

- მიტინგები თუ გახსოვთ, პერმანენტულად რომ იმართებოდა იმ დროს?
- რა დამავიწყებს! 1989 წელია. ჩამოვიდნენ ერთხელ არაფორმალები თბილისიდან 50 ავტობუსით და გაგრაში მოინდომეს მიტინგის გამართვა, სტადიონზე. კატეგორიულად ვურჩიეთ, ხელი აეღოთ თავიანთ განზრახვაზე. ვინ გისმინა! 
წავედით ჩვენც - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუხბაია, საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი მიშა წულაძე, აფხაზეთის პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი ცობეხია და მე, რამე რომ არ მომხდარიყო, გამოუსწორებელი.
მივედით გაგრის საქალაქო კომიტეტში. ამ დროს მოდის ჩვენთან გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი ოზგანი და გვეუბნება, რომ მისი რაიონიდან გაგრისკენ მოემართება 400-მდე ხელკეტებით შეიარაღებული აფხაზი და მიტინგის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ მოგცემთო. ამიტომ, ეგებ, დროზე დაამთავრონ მიტინგიო. წავედით სტადიონზე, ვუთხარით, რაც ხდებოდა. ბევრს ვეცადეთ. მაგრამ უარი თქვეს არაფორმალებმა მიტინგის დამთავრებაზე, რომელიც უკვე სამი საათი მიმდინარეობდა.
აქაურ ქართველებს ყველაფრის გეშინიათ, მოვიდნენ და ჩვენც დავხვდებითო!
ჰოდა, შემოესიენ აფხაზები, მათ შორის, ქალებიც. დაიწყო დიდი ჩხუბი და... იმ საღამოს გაგრის საავადმყოფოში გაცილებით მეტი ქართველი მოხვდა, ვიდრე აფხაზი.
გამწარებული შევუვარდი ადლეიბას კაბინეტში. თავს ვერ ვაკონტროლებდი, გადავუტრიალე სათათბირო მაგიდა: - რა სინდისით ზიხარ აქ მშვიდად, როცა გაგრაში სისხლი დაიღვარა-მეთქი!
თავი არ აუწევია, ისე წამოდგა:
- К сожалению, ты прав Наполеон Ираклиевич, - მითხრა და მეორე ოთახში გავიდა.
- ეს ყველაფერი იყო გუშინ. ხვალინდელი პერსპექტივა როგორ გესახებათ?
-  ჩიხიდან გამოსავალს აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენაში ვხედავ. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ იგი გარდაუვალია, თუ ნამდვილად გვსურს კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსვლა. მოლაპარაკებაში ისინიც უნდა მონაწილეობდნენ, ვინც აფხაზეთს იცნობს, ჰქონდა ურთიერთობა აფხაზებთან, ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა ავტორიტეტი. დღეს ასეთი ადამიანები გარიყული არიან ამ პროცესიდან.

* * *

სიმართლის თქმას რომ გავურბივართ, უფრო ვშორდებით მას.
რაგინდ მწარე და მტკივნეული იყოს იგი, მაინც მიახლოება სჯობს. ბატონ ნაპოლეონთან საუბარმა ერთხელ კიდევ დამარწმუნა ამ სიმართლეში.

ესაუბრა
არმაზ სანებლიძე

www.geworld.net