უცხოეთი
ზელენსკი პრეზიდენტ პოროშენკოს პირდაპირ ერთერში ტელეფონით "შეუვარდა" და ერთმანეთი ლანძღეს

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატებმა პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ ზელენსკიმ პირდაპირ ეთერში ერთმანეთი ლანძღეს. ეს მაშინ მოხდა, როცა პოროშენკომ ტელეკომპანია "1+1"-ში გამოსვლისას თავისი კონკურენტი სტუდიაში დებატებისთვის მიიწვია.

ზელენსკი უმალ ჩაერთო ტელეფონით სტუდიაში და პოროშენკო უღირს საქციელში დაადანაშაულა. თქვა, რომ პოროშენკომ მშვენივრად იცოდა, ის ამჟამად უკრაინაში არ იმყოფებოდა და ცხადია, სტუდიაში ვერ მივიდოდა.

"უცნაურია, რომ იგი მე მიწვევს ტელეკომპანია "1+1"-ში დებატებისთვის. პოროშენკომ ძალიან კარგად იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი, რადგან აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის მანქანებმა "მიმაცილეს"." - თქვა სტუდიაში ტელეფონით ჩართვისას შოუმენმა.

"პოროშენკომ გაიხსენოს, რომ მთავარ დებატებში 19 აპრილს "ოლიმპიისკის" სტადიონზე მე მივიწვიე, ის დამთანხმდა პირობებზე. მე ჩემს მოწინააღმდეგეს ვთხოვე, ნუ მიწოდებდა ნარკომანს და "ბიდლოს", მაგრამ არაფერია საგანგაშო, ჩვენ, უბრალო ხალხს, შეგვიძლია ეს შეურაცხყოფა გადავყლაპოთ," - განაცხადა ზელენსკიმ

პოროშენკომ კი უპასუხა, რომ არ აჰყვება ოპონენტს პროვოკაციებში. კანდიდატებმა დაიწყეს პირდაპირ ეთერში ურთიერთლანძღვა და ერთმანეთს საუბარში ხელს უშლიდნენ. მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკის მოსმენისკენ მოუწოდა, შოუმენმა კი უთხრა, რომ ხუთი წელი ხალხი მას უსმენდა და ეს უკვე საკმარისია.

შეგახსენებთ, რომ პოროშენკო-ზელენსკის დებატების თარიღი, რომელიც სტადიონზე უნდა გაიმართოს, კვლავ შეუთანხმებელია. ზელენსკი ამის ჩატარებას 19 აპრილს ითხოვს, პოროშენკო კი 14-ში.

უკრაინაში 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, სადაც კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი სხვაობით მოუგო მეორეზე გასულ პოროშენკოს. ბოლო გამოკითხვით, მეორე ტურის წინ მოქმედი პრეზიდენტი ოპონენტს კატასტროფული, 30%-იანი სხვაობით, ჩამორჩება.

for.ge