საზოგადოება
ეთნიკური დისკრიმინაციის გზით რუსეთი ცდილობს, სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება, ამას არასოდეს დავუშვებთ - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ყველა წინსვლის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ვიმყოფებით ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

„300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველდღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა, ამ ტერმინის ყველა განზომილებით.

ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო და შემცირდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შედეგად მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები.

პრემიერმა საოკუპაციო ხაზთან ადამიანთა გატაცებებზეც გაამახვილა ყურადღება. ასევე, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვაზეც ილაპარაკა.

ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ იქნა დაკავებული. ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ასამბლეას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისთვის.

ყველანი უნდა დავირაზმოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, რათა არასოდეს შევურიგდეთ სამართლის უზენაესობის მიზანმიმართულ უგულებელყოფას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, საქართველოს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს.

რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს ამ სახის დივერსიებით და ყველა ჩვენი ძალისხმევა დაბლოკოს. ეთნიკური დისკრიმინაციის გზით ისინი ცდილობენ, სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ“, – განაცხადა პრემიერმა ბახტაძემ.