საზოგადოება
მინიმალურ პენსიას ზრდიან, მაგრამ არა საარსებო მინიმუმამდე

pensia1 სექტემბრიდან მინიმალური პენსია 100 ლარამდე გაიზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 მარტს რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრაზე.

ამჟამად მინიმალური პენსია 80 ლარს შეადგენს, რასაც 2–დან 10 ლარამდე თანხა ემატება სტაჟის მიხედვით. მხოლოდ დედაქალაქის მცხოვრებნი იღებენ 10 ლარით მეტ მინიმალურ პენსიას 2010 წლის მარტიდან, ადგილობრივი არჩევნების წინ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად.

 

პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წელსაც გვპირდებოდა მინიმალური პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას. ამ საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობის გამო ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ ის არ ჩქარობს, მიუსადაგოს პენსიის ოდენობა საარსებო მინიმუმს.

„იმედია, მომავალი წლის პირველი ნახევრიდან საქართველოში მივუახლოვდებით ამ საპენსიო პაკეტს – 100 დოლარს, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი კატეგორიის პენსიონერთათვის, და ვიმოძრავებთ იქითკენ, რომ ყველასთვის ეს იყოს აბსოლუტურად გარანტირებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას უნდა სერიოზული საპენსიო რეფორმა, სერიოზული გადაჯგუფება“, – განაცხადა სააკაშვილმა.