აქტუალური
სამთვიანი ზრდის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მარტში 18,2 მლნ დოლარით შემცირდა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. სამთვიანი ზრდის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მარტში 18,2 მლნ დოლარით შემცირდა. პირველი აპრილისთვის ქვეყანას 3,478 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივები ჰქონდა, აქედან 3,277 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვებია.

მარტში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ გაუმართავს. თუმცა აქტიურობდა იანვარ- თებერვალში, როცა ბაზრიდან 135 მლნ დოლარი ამოიღო და კიდევ 51 მილიონზე მეტი კომერციული ბანკების მიერ სავალუტო ოფციონების განაღდებით მიიღო. ანუ ჯამში, 2019 წლის პირველ ორ თვეში, სხვადასხვა სახის სავალუტო ინტერვენციებით სებ-ს 186 მლნ დოლარი აქვს შეძენილი.