საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. გამოკითხულ საქართველოს მოქალაქეთა 44%-ს მიაჩნია, რომ რუსული ოკუპაციის მიუხედავად, თბილისმა კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა დაამყაროს მოსკოვთან. ამას მოწმობს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის Transparency International – Georgia-ს დაკვეთით ჩატარდა. 24% მთლიანად ეთანხმება იმ თეზისს, რომ რუსეთის ფედერაციასთან საჭიროა კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ხოლო 20% - უბრალოდ თანახმაა. ტექსტში რუსეთი მოხენიებულია, როგორც „ერთმორწმუნე ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ისტორიულად ბევრი საერთო ღირებულება აკავშირებს“.
სოციოლოგიური კვლევა Transparency International – Georgia-სათვის ჩაატარა კავკასიის კვლევითმა რესურსცენტრმა (The Caucasus Research Resource Centers, CRRC). გამოკითხვა ტარდებოდა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ გამოკითხული იქნა საქართველოს 2087 მოქალაქე. დასაშვები ცდომილება ±2%-ის ფარგლებშია.
Transparency International – Georgia წამყვანი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლის აღმასრულებელი დირექტორია ეკა გიგაური და რომელსაც აფინანსებს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF სოროსის ფონდის ფილიალი საქართველოში) და USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო).
კავკასიის კვლევითი რესურსცენტრი (The Caucasus Research Resource Centers, CRRC) - არის 2003 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლობა კარნეგის ფონდის დაფინანსებით, 2013 წელს მისი წარმომადგენლობები გაიხსნა საქართველოსა და სომხეთში.
რესპონდენტების მეორე ნახევარს საწინააღმდეგო პოზიცია უკავია. 46% (მათ შორის - 30% სრულად) ეთანხმებაპოზიციას, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპანტია და თბილისს მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს მანამდე, სანამ ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაცია არ მოხდება.
სოციალური კვლევის მეორე შეკითხვაზე გამოკითხულთა უმრავლესობამ - 41%-მა - უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ერთნაირად კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს რუსეთთან და ევროკავშირთან. ხოლო 27%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურია. და მხოლოდ რესპონდენტთა 16%-ს სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულ პოლიტიკას ატარებს.