პოლიტიკა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩოში ლურჯ პიჯაკში გადაღებული მისი ფოტოს დაკიდებას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად თავისი აპარატის უფროსის დანიშვნას მოითხოვს!

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. პრეზიდენტის ფოტო საქართველოს საელჩოების შენობებში - სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ უწყებებში გაგზავნილ წერილს ეხმაურება.

საქმე ეხება შეტყობინებას, რომელიც დიპლომატებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში აკრედიტებულ დიპლომატებს საელჩოების შენობებში მისი სურათის დაკიდებას სთხოვს.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე - მისი მოთხოვნა არის თუ არა, რომ დიპლომატიურ უწყებებში მისი პორტრეტი დაიკიდოს, ასეთი განცხადება გააკეთა - ისწავლეთ წესები“.

სალომე ზურაბიშვილის ფოტოსთან ერთად მისიებმა სპეციალური მითითებაც მიიღეს - პრეზიდენტის სურათი ყველა საელჩოს შენობაში უნდა დაკიდონ.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ლურჯი პიჯაკი ქართული ოცნების პარტიულ ფერთან კავშირში არ არის და არაფერი იციან იმის შესახებ, რა მითითება გაგზავნა ზალკალიანის უწყებამ, ფოტოსთან ერთად, ქართულ დიპლომატიურ უწყებებში.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მსგავსი მოთხოვნა საელჩოებში არ გაუგზავნიათ, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებისთვის ადვილი გასაგებია, ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო, ქვეყნის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილის ავტორიტეტზე ზრუნვა საქართველოს საგარეო უწყებამ.

რუსთავის 2-ის წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ დაიწყო, სადაც პრეზიდენტმა დიპლომატიური მისიების მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის უარყოფითი შეფასებები საელჩოების არასათანადო მუშაობის შედეგია. 

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ის გამოცდილი დიპლომატია და საგარეო მიმართულებას საკუთარ თავზე აიღებს. ერთ-ერთი ვერსიით კი, პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს დავით ზალკალიანის თანამდებობაზე ლაშა ჟვანიას კანდიდატურაც შესთავაზა.

საგარეო უწყებაში მიმდინარე პროცესებში, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სალომე ზურაბიშვილი აქტიურ მონაწილეობას გეგმავს. მათ შორის, ელჩების სავარაუდო ცვლილების დროს, რომელიც, „კურიერის“ ინფორმაციით, მომავალი კვირიდან იგეგმება.